ჩვენს ქვეყანაში სუფევს შერჩევითი სამართალი. დღევანდელი ფაქტი არის მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს, არამედ პროკურატურის მხრიდან, - ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე მოკლილი დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალედბულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით, რომ ზაზა სარალიძე გამოიყვანონ მწყობრიდან. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ. სამართლებრივი გზით დავუმტკიცებ ამათ, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. მე, ელისო კილაძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ ამ ხელისუფლების მხრიდან. ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთელი სახელმწიფო აპარატი ცდილობს ჩემს განეიტრალებას. ძალიან ბევრი ადამიანია ჩარეული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში. ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განაცხადა სარალიძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ აქციებს შეუერთდნენ.
„მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას, რაშიც დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს შერჩევითი სამართალი. ძალიან გთხოვთ ყველას, არ არის მხოლოდ საუბარი მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობაზე, გავერთიანდეთ ყველა“, - აღნიშნა სარალიძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.