მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ მოხდება ფუნქციების შემცირება. როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რეორგანიზაციის გამო ადამიანური რესურსის შემცირება დაგეგმილი არ არის.
„ყველა სამინისტრის თავის ფუნქცია გააჩნია. პირობითად ვამბობ, არის 14 სამინისტრო და არის 30 მსხვილი ფუნქცია, რომელსაც ეს სამინისტროები ასრულებენ. 11 სამინისტროს შემთხვევაში ეს 30 ფუნქცია კვლავ რჩება. ეს ფუნქციები არსად არ მიდის და ყველას თავისი მომსახურება სჭირდება. ასე რომ, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება. ეს ფუნქციები უნდა განხორციელდეს. საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები განხორციელდეს უფრო სწრაფად და მთავრობა გახდეს უფრო მობილური, ვიდრე იყო", - განაცხადა ძიძიგურმა.