კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს ადამიანს, რომელსაც ზედ ახატია რვა ქურდული ვარსკვლავი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გივი თარგამაძემ მინდია გორაძის, იგივე ლავაზ ოღლის მიერ საქართველოის დატოვების შესახებ განაცხადა.
„არ ველოდი, რომ ასე ნაჯახისებურად, ასე თავხედურად გააკეთებდნენ ამას. არჩევნებამდე 5 დღით ადრე ადამიანი გაათავისუფლეს. წარმოიდგინეთ, რომ კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს ადამიანს, რომელსაც კიდევ ბევრი სხვა ბრალდება აქვს, რომელიც ყველამ იცის აჭარაში, რომელსაც ზედ ახატია რვა ქურდული ვარსკვლავი და, მინიმუმ, ათი ინტერვიუ მაინც არის, სადაც იძახის, რომ ქურდია,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ინფორმაციას ლავაზ ოღლის ქვეყნიდან გასვლის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე მუხლით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ადვოკატი ადასტურებს.
ლექსო კობაიძის თქმით, მან ზუსტად არ იცის, რომელ ქვეყანაში წავიდა მინდია გორაძე, თუმცა, მისივე განმარტებით, ის აპირებს, რომ 30 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლავაზ ოღლიმ საპყრობილე გუშინ დატოვა.
მინდია გორაძე 2015 წელს მოლდოვაში დააკავეს. ქართული მხარე მის გადმოცემას ითხოვდა და რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა. ერთ-ერთი არის ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, ადამიანების დაშინება და მუქარა. ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მინდია გორაძეს 9 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მისჯილი ჰქონდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის. გუშინ ეს ვადა ამოიწურა, რის გამოც ის გაათავისუფლეს.