საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძის წინააღმდეგ სასამართლო დავა საქართველოშიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ კომპანია „რაკია ჯორჯიას“ იურისტმა ნათია წკეპლაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.
მისი თქმით, დღეს დილით მიიღეს შეტყობიენება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გელა მიქაძეს და კიდევ ორ პირს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წკეპლაძემ აქვე აღნიშნა, რომ ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებიც ობიექტურ, მიუკერძოებელ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“დღეს დილით მივიღეთ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამივე ბრალდებულს. ასევე, მათ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება თანხების უკანონო მითვისებისთვის. ეს ეხება ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს. ჩემი იურიდიული კომპანია აწარმოებს სამოქალაქო დავებს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბატონი მიქაძის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მილიონობით თანხა და ქონებაა მითვისებული, ვიმედოვნებთ, რომ საერთო სასამართლოები ობიექტურ, მიუკერძოებელ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე. რაც შეეხება კომპანია Raystar Trade-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თავად კომპანია „რაკია ჯორჯია“ გაავრცელებს ოფიციალურ პრესრელიზს, სადაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი“,- განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული საემიროების სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება კომპანია „რაკიას“. სასამართლომ ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. კომპანიის ხელმძღვანელები ხატერ მასაადი და გელა მიქაძე იყვნენ, მათ სასამართლო ფოთის პორტისა და კომპანია „რაისტარ ტრეიდს“ შორის დადებულ და შემდეგ გაუქმებულ შეთანხმებას ეხება.