„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახენ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუში“ აცხადებენ, IDFI ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.
„თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. ამდენად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, 2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით IDFI-მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეატყობინა 2016 წლის 25 ივლისს გაუგზავნა. შეტყობინების გაგზავნიდან თითქმის ოთხი თვის გასვლის შემდეგაც უწყება არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას და არ გასცემდა მოთხოვნილ ინფორმაციას, რის შემდეგაც IDFI-მ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ”, - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.
„მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი.
2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.
2013 წელს (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174 894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს.
სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება მხოლოდ პროკურატურისადმი მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მიიღოს მონაცემები საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ.
საგანგაშოა, რომ IDFI-მ 2014 წლის ივნისში მოთხოვნილი მონაცემების მიღება მხოლოდ 2016 წლის მიწურულს შეძლო. IDFI-ი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ინფორმაციის არ მოწოდების და პროცესის მიზანმიმართული გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გაცემული პრემიების უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობა უნდა ყოფილიყო, რაც დადასტურდა მიღებული მონაცემებით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს აექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი.
ასევე, მაშინდელ მინისტრის მოადგილეს ვახტანგ გომალეურის დეკლარაციაში 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავალში მითითებული აქვს 84 112 ლარი, მაშინ როდესაც მხოლოდ პრემიის სახით 2013 წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში მიღებული აქვს 74 000 ლარი. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას.
გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.
ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექადრე ჭიკაძის მიერ დეკლარირებული აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით მას მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი.
ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდის ზედაპირული გადამოწმებით აღმოჩენილი შემთხვევები შსს-ის თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის მიღებული შემოსავლების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დეტალური გადამოწმებით, შევძლებთ სავარაუდოთ მეტი შეუსაბამობის აღმოჩენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული უწყების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციებში 2013 წელს მიღებული შემოსავლების მითითებისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა: ”ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.