ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.
ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ დროებით გაჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. ასევე ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
პორტუგალიაში შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქმნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.
მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია. როგორცThe New York Times წერს, გათიშვის ეფექტები რეგიონის ქალაქებში მკვეთრად იგრძნეს.
მომხდარის გამო, სამი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები.