საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ასევე მცირედით განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორ წესი, როგორც ეს ხდება ხოლმე, შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.