ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვლავ მიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი "ექსპერტები" ქმნიან. როგორც ყოფილი პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული 2014 წლის შემოდგომიდან ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც დამახასიათებელია.
,,სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ. მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე.
საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი). როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები", რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი”, _აცხადებს ივანიშვილი.