საქართველომ და პარაგვაის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. პარაგვაის რესპუბლიკის მხრიდან ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერა გაეროსთან პარაგვაის მუდმივმა წარმომადგენელმა ხოსე ანტონიო დოს სანტოსმა, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და პარაგვაი ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.
საქართველო აგრძელებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან. წელს დიპლომატიური ურთიერთობები აგრეთვე დამყარდა დომინიკის რესპუბლიკასთან, სენტ-ლუჩიასა და პერუსთან.
სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.
შეგახსენებთ, რომ პარაგვაი მე-9 სახელმწიფოა, ვისთანაც საქართველომ წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები გაფორმდა აფრიკულ სახელმწიფოებთან - ბოტსვანა, კაბო-ვერდე და ლიბერია და აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის სახელმწიფოებთან - ბრუნეი და მარშალის კუნძულები.
დღეისათვის გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 131-თან.