საქართველოში თვითმართველობის არჩევნებს ლატვიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ლატვიის სეიმის თავმჯდომარე გუნდას დაუძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გადაცხადა.
ბაქრაძის განცხადებით, ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
~მაისში, რიგაში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ანსაბლეის სხდომის ფარგლებში, ლატვია, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ორგანიზებას გაუწევს ნატო-ს ანსაბლეასა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შორის სპეციალური სხდომის გამართვას. ლატვიის პარლამენტი ერთ-ერთი პირველია, რომელთანაც ყველაზე ადრე დავიწყეთ ურთიერთობა. ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობის კარგი ტრადიცია. ეს გამოჩნდა 2008 წელს აგვისტოს ომის დროსაც, როცა ლატვიის სეიმი ერთ-ერთი იყო, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიკრიბა~, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ
ამასთან, ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ გუნდას დაუძესმა აღნიშნა, რომ 30 მაისს თვითმართველობის არჩევნებს ლატვიელი დამკვირვებლები დაესწრებიან და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლის.