იემენის საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა ორშაბათს სწრაფი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიის ნაწილი, ქალაქ მუხას მიმართულებით, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებდნენ, დაიბრუნეს. ამის შესახებ Reuters იემენის მთავრობასა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ცნობით, საერთაშორისოდ აღიარებული იემენის მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა, საუდის არაბეთის ინტენსიური საჰაერო დარტყმების მხარდაჭერით, ორშაბათს გვიან ღამით ქალაქ მუხას გარეუბნებს მიაღწიეს. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მებრძოლები კი მთიანი რაიონებისკენ განდევნეს.
იემენის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მუხა სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ გადავიდა.
სამთავრობო ძალებმა ასევე დაიკავეს სტრატეგიული პოზიციები, მათ შორის დუბაბის რაიონში მდებარე აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. დუბაბი ბაბ-ელ-მანდების სრუტის შესასვლელთან მდებარეობს. სრუტე წითელი ზღვის გავლით ნავთობისა და სხვა ტვირთების მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია. მისი დაკავება ჰუსიტებმა გასულ თვეში შეძლეს, რასაც ენერგეტიკულ ბაზრებზე მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
Reuters აღნიშნავს, რომ სრუტის მიმდებარე სანაპირო ზონის კონტროლის დაბრუნება ჰუსიტებს ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს შორის გემების გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობას შეუზღუდავდა. თუმცა, მათ კვლავ შეეძლებათ გემებზე დრონებით თავდასხმა სანაპიროს გასწვრივ უფრო შორეული პოზიციებიდან და ქვეყნის შიდა რაიონებიდან.
ამავდროულად, Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ჰუსიტებმა მნიშვნელოვანი წინსვლა მოიპოვეს ტაიზის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთიანი გზის რამდენიმე მონაკვეთი დაიკავეს, რის შედეგადაც ამ რაიონში სამთავრობო ძალები ალყაში აღმოჩნდნენ.
იემენში რამდენიმე მიმართულებით მძიმე ბრძოლები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო. ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, პარალელურად კი საუდის არაბეთის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რაკეტებითა და დრონებით იერიშებს ახორციელებენ.
სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგორესურსების ექსპორტი ისედაც შეზღუდულია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო. იემენში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებამ კი მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა გამოიწვია და დამატებითი რისკები შექმნა რეგიონში, რომელიც უკვე რამდენიმე კონფლიქტის ფონზე მძიმე ვითარებაში იმყოფება.