აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, მისი პირადი შეფასებით, flydubai-ის თვითმფრინავზე გასულ კვირას მომხდარ თავდასხმაზე ირანია პასუხისმგებელი.
„დიახ, მე პირადად ასე ვფიქრობ“, - განაცხადა ტრამპმა 5 ოქტომბერს, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ირანს პასუხისმგებლად flydubai-ის რეისზე მომხდარ თავდასხმაზე. მას თავისი შეფასების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია.
ინციდენტი 30 სექტემბერს flydubai-ის FZ1073 რეისზე მოხდა, რომელიც დუბაიდან თელ-ავივისკენ მიფრინავდა. გამოძიების ვერსიით, ომანის მოქალაქე მეორე პილოტი კაპიტანს თავს დაესხა და თვითმფრინავის მართვის ხელში ჩაგდება სცადა. მგზავრებმა და ბორტზე მყოფმა სხვა პილოტებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში, ავარიულად დაეშვა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა.
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა მისი პირველი კომენტარი 1-ელ ოქტომბერს, როდესაც მან თქვა, რომ „რაც მესმის, ამის მიხედვით“ შესაძლოა თავდასხმას ირანთან კავშირი ჰქონოდა. მაშინაც პრეზიდენტს კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ირანის მონაწილეობაზე დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევს არსებული მტკიცებულებები და გამოძიების დასრულებას დაელოდება.
ისრაელის უსაფრთხოების უწყებები ამ დრომდე განიხილავდნენ ვერსიას, რომ ომანის მოქალაქე, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, შესაძლოა დამოუკიდებლად მოქმედებდა. ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმაც განაცხადა, რომ ირანის შესაძლო მონაწილეობაზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია.
flydubai-მ, გამოძიების დასრულებამდე, მომხდარის შემდეგ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა.