სანამ საზოგადოება შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებითა და ხშირად უსაგნო კამათით არის შეპყრობილი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ღია და უაღრესად ეფექტური ფრონტია გახსნილი ინფორმაციულ ომში.
ყველაზე საშიში ის არის, როდესაც ჩვენ შორის ხმაურის გარეშე, „მოყვრის იმიჯით“ ჩანერგილი ადამიანი მოქმედებს. ვინც ღიად ხმაურობს და ანტიქართულ პოსტებს აცხობს, ვიცით, ვინც არის და შეგვიძლია მათზე გააზრებული რეაგირება მოვახდინოთ. თუმცა სულ სხვაა, როდესაც მტერი მოყვრის საფარქვეშ იფარება და ქართული გულუბრყვილობითა თუ „დოყლაპიობით“ ოსტატურად სარგებლობს. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ტაქტიკა უმტკივნეულოდ აღწევს მიზანს – ისე აღმოვჩნდებით კატასტროფის წინაშე, რომ ვერც კი გავიაზრებთ, როგორ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში.
დღეს, გვინდა თუ არ გვინდა, ვიკიპედია წარმოადგენს იმ პირველად გლობალურ წყაროს, საიდანაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი – საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები, მკვლევრები თუ სტუდენტები – საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტერმინოლოგიისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ საბაზისო ინფორმაციას იღებს. შესაბამისად, ის, თუ რა და როგორ წერია ამ პლატფორმაზე, პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯსა და ეროვნულ ნარატივს.
ამ პლატფორმის მართვა მოითხოვს უმაღლეს აკადემიურ პასუხისმგებლობას, მიუკერძოებლობასა და გამჭვირვალობას. საინფორმაციო ომში ვიკიპედია ხმაურის გარეშე, დახვეწილი და უბრალო თვალისთვის შეუმჩნეველი მეთოდებით მოქმედებს.
„ადმინისტრაციული მონოპოლია“ და ინტერესთა კონფლიქტი
სამწუხაროდ, ქართულ ვიკიპედიაში წლებია ჩამოყალიბდა ე.წ. „ადმინისტრაციული მონოპოლია“, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ცალკეული პირების ხელში. ამ სტრუქტურის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელიც წლებია ერთპიროვნულად წყვეტს ქართულ ვიკიპედიაში სტატიების, აკადემიური ტერმინოლოგიის, წყაროებისა და ავტორების ბლოკირების საკითხს, გახლავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის, „ვიკიმედია საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და ადმინისტრატორი მეჰმან იბრაგიმოვი.
ვიკიპედიის ფუნდამენტური პრინციპია მიუკერძოებლობა. როდესაც პირს ჩაბარებული აქვს ქართული ენციკლოპედიური სივრცის მოდერაცია, ის ვალდებულია ობიექტურად ეყრდნობოდეს ადგილობრივ სამეცნიერო და აკადემიურ წყაროებს. თუმცა, აღნიშნული ადმინისტრატორის საჯარო აქტივობებიდან და სოციალური ქსელებიდან იკვეთება, რომ იგი ღიად არის ფოკუსირებული სხვა ქვეყნების ეროვნულ-პოლიტიკური ნარატივებისა და იდეოლოგიის პოპულარიზაციაზე (იხილეთ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორის, ბატონ მეჰმან იბრაგიმოვის ფეისბუკის პროფილისა და გარეკანის ფოტოები, ასევე იუთუბის გვერდის ამსახველი მასალა. გამოაშკარავების შემდეგ გააქრო).
ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს პირადი პოლიტიკური თუ პატრიოტული სიმპათია-ანტიპათია, თუმცა როდესაც ასეთი მკვეთრად გამოხატული პოზიციების მქონე პირი ქართულ ვიკიპედიაში შენიღბულად იჭრება, ერთპიროვნულად ზღუდავს ქართველ მეცნიერებს, იშორებს აკადემიურ ნაშრომებს და ბლოკავს ავტორებს (მათ შორის, ამ სტატიის ავტორსაც მიზანმიმართულად აუკრძალა აქტიურობა), ეს უკვე სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს, ენციკლოპედიურ კრიზისსა და ეროვნული ინტერესების ხელყოფას ქმნის.
რეგიონული პრაქტიკა და საქართველოს გამოწვევა
ჩვენი მეზობლები – სომხეთიც და აზერბაიჯანიც – უდიდეს, სახელმწიფოებრივ ყურადღებას აქცევენ ვიკიპედიის ეროვნული განყოფილებების შინაარსს, ზრდიან აკადემიურ რესურსს და იცავენ საკუთარ ციფრულ საზღვრებს. საქართველოში კი მივიღეთ მდგომარეობა, სადაც ეროვნულ ისტორიასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიას წყვეტს უცხოური დაფინანსების მქონე მეჰმან იბრაგიმოვი. განგაშის ატეხვის მიუხედავად, სათანადო ინსტიტუციური რეაგირება ჯერ კიდევ არ მოჰყოლია ამ პროცესს და პარადი კვლავ სუბიექტურად განწყობილ ადმინისტრატორს მიჰყავს ზოგიერთ „გულუბრყვილო“ მიმდევართან ერთად.
რა არის საჭირო?
ჩვენი ინიციატივა არ ითვალისწინებს ვინმეს დისკრიმინაციას, არამედ მოითხოვს სამართლიანობას, აკადემიურ სიზუსტესა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას:
1. ადმინისტრაციულ გამჭვირვალობას: ქართული ვიკიპედიის მართვა არ უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე ანონიმური პირის მონოპოლია!
2. ღია აკადემიურ დისკუსიას: ბლოკირების ხისტი, ვოლუნტარისტული პრაქტიკის შეწყვეტას, ჩაკეტილი სავარჯიშოების/ესეების გასაჯაროებას და ქართული სამეცნიერო-აკადემიური წრეების (ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უნივერსიტეტები) აქტიურ ჩართვას.
3. ინსტიტუციურ ყურადღებას: დროა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და შესაბამისმა უწყებებმა გაიაზრონ ციფრული ენციკლოპედიის სტრატეგიული მნიშვნელობა და უზრუნველყონ ქართული აკადემიური ნაშრომებისა და ტერმინოლოგიის დაცვა ციფრულ სივრცეში.
დროა გამოვფხიზლდეთ!!!
ჰენრი კუპრაშვილი სტუ-ის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი
სამიზნე უწყებები:
საქართველოს პარლამენტი | საქართველოს მთავრობა | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | სახელმწიფო ენის დეპარტამენტი / State Language Department | სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia



