მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 5 ოქტომბრის საღამოდან 6 ოქტომბრის დილის 05:00 საათამდე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით უკრაინამ 650 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
მისი თქმით, დრონების უმეტესობა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვიდან შორეულ მისადგომებთან გაანადგურეს, ხოლო 105 დრონი უშუალოდ მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
დრონების თავდასხმის ფონზე, ღამით დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ოთხივე მთავარ აეროპორტში - ვნუკოვოში, დომოდედოვოში, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკიში. შეზღუდვები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემოიღეს. მოგვიანებით ოთხივე აეროპორტში ფრენები აღდგა.
სობიანინი თავდასხმის შესახებ ეტაპობრივად ავრცელებდა ინფორმაციას. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 13 დრონი იყო განადგურებული, მოგვიანებით კი ეს რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, საბოლოო მონაცემებში კი მოსკოვთან მისადგომებთან 105 ჩამოგდებულ დრონზე განაცხადა.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ზიანისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
მონიტორინგის უკრაინული არხის Supernova+-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში შეტევა იყო საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე „ვოლოდარსკაია“.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ უკრაინული არხის მიერ გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძარი იყო სწორედ „ვოლოდარსკაიას“ ტერიტორიაზე.
ეს ობიექტი კომპანია „ტრანსნეფტეპროდუქტის“ შემადგენლობაშია და მოსკოვის რეგიონში უმსხვილეს ნავთობის ბაზას წარმოადგენს.