თურქეთის პოლიციამ რამდენიმე ათეული ის ადვოკატი დააკავა, რომლებიც დემონსტრანტებს იცავდნენ. ადვოკატები სასამართლოს შენობაში დააკავეს. აღნიშნულია, რომ ადვოკატების დაკავება "უხეში ფორმებით" მოხდა.
"ჩვენ სასამართლოს შენობასთან პრესისასთვის განცხადების გასაკეთებლად შევგროვდით. პოლიცია თავს დაგვესხა. ეს ძალიან უხეში ფორმებით მოხდა. ამჟამად 49 ჩემი მეგობარი-იურისტი დაკავებულია. მრავალმა მათგანმა ტრავმები მიიღო: მათ თავში ურტყამდნენ მაშინაც კი როდესაც მიწაზე დააწვინეს", _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოგვიანებით დაახლოებით 100 იურისტი შეიკრიბა პოლიციის შენობასთან და კოლეგების გათავისუფლება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში, ტაკსიმის მოედანზე თურქეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, ინციდენტი პროვოკატორთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა გამოიწვია.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მოედანზე გამოჩენისთანავე მიმართეს დემონსტრანტებს და მათი მობილიზების მიზანი გააცნეს. თურქეთის პოლიცია გეგმავდა დაესუფთავებინა ათათურქის ქანდაკება, რომელზეც დემონსტრანტების მიერ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები და წარწერები იყო გაკრული.
„ჩვენ არ შევეხებით გეზის პარკს და არ ავშლით კარვებს. ჩვენ უბრალოდ ავიღებთ მარგინალურ პლაკატებს. არც ერთ თქვენგანზე არანაირი სახის ზემოქმედება არ განხორციელდება", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა რუპორით. დემონსტრანტთა უმრავლესობა სამართალდამცავების მოწოდებას გაგებით მოეკიდა, თუმცა მანიფესტანტების გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა.
საბოლოოდ, თურქეთის პოლიციამ კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და დემონსტრანტები მოედნიდან წყლის ჭავლის გამოყენებით გაყარა.
ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.