იემენში ჰუსიტებმა ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Reuters იემენის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან ჩავარდა, კაიროდან რეისის ჩაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე. უსაფრთხოების მიზნით რეისის მიღება გაუქმდა და თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გადაამისამართეს. აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი ორი თვითმფრინავიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ადენის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თავდასხმა იემენში საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე მოხდა. საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედმა იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ კონტრშეტევა წამოიწყეს და წითელი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე, პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ.
ამასთან, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ რიადის ჩრდილოეთით ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა კი განაცხადა, რომ ჯგუფმა საუდის არაბეთის მიმართულებით, მათ შორის რიადის მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტისკენ, დრონები გაუშვა, თუმცა საუდის ხელისუფლებას ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.