ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა იმიგრაციულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას კენჭი უყარა. 85 ხმით 15 ხმის წინააღმდეგ სენატმა „მწვანე შუქი" აუნთო საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესს და დიდი ალბათობით, საბოლოოდ, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას.
მომდევნო კვირის განმავლობაში სენატში გაიმართება დებატები კანონპროექტის კონკრეტული ასპექტების შესახებ. საუბარია წარსულში არალეგალი მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობასა და საზღვრების კონტროლის გამკაცრების საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ იმიგრაციული რეფორმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადის ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა. კანონპროექტი შანსს აძლევს ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ მიგრანტს, მიიღონ შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ამისათვის მიგრანტებს რიგი მოთხოვნების შესრულება დასჭირდებათ, მათ შორის, 13-წლიანი მოლოდინი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დაწყებამდე. გარდა ამისა, თუ კანონი მიღებული იქნება, გამარტივდება ამერიკაში კვალიფიცირებული მიგრანტების ჩასვლა, უპირველესად, პროცედურები გამარტივდება მეცნიერებისთვის.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტებისადმი შერბილებული მიდგომის საკომპენსაციოდ კონტროლი გამკაცრდება მექსიკის საზღვარზე, საიდანაც ხდება ამერიკაში უკანონო მიგრანტების ძირითადი ნაკადის შედინება.
მასალის გამოყენების პირობები