იმ შემთხვევაში თუ ვიღებდი ქრთამს და ვიყენებდი ვინმეს უძრავ ქონებას, მისი ნებართვის გარეშე და თუ მედება ბრალი ვინმეს მკვლელობაში, უნდა დავისაჯო თუ არა?, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიუსელში ფონდ „ღია საზოგადოებაში" გამართულ საჯარო შეხვედრაზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, არ უნდა იყოს იმუნიტეტი, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე და კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს.
„ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ეს არის დემოკრატია რისკენაც ახალი მთავრობა ისწრაფვის. მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს მიაჩნია, რომ შეუძლიათ ისაუბრონ ნებისმიერ თემაზე. როდესაც კანონდარღვევისთვის დავაპატიმრე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერმინისტრი, თუ გაირკვევა, რომ მან კანონი დაარღვია?! ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დააპატიმრებენ თუ არა მას. ჩვენ საქართველოს მოსახლეობამ აგვირჩია, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. 2011 წლის 26 მაისს ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?! ხალხი გვთხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ გარდაცვლილი ადამიანების მშობლები, ქუჩაში არიან გამოსულები და პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურის წინ რიგში დგანან. მათ ასევე შეხვედრა უნდათ ჩემთან და მე რა პასუხი შემიძლია მათ გავცე?! -რომ მე ვერ დავაპატიმრებ ყოფილ პრეიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს და ვერ აღვადგენ სამართლიანობას, იმიტომ რომ ეს ყოველივე პოლიტიკური საკითხია და სენსიტიური თემაა?!.. ეს სამარცხვინო ფაქტია, ჩვენ გვაქვს ქვეყანა სადაც კანონის უზენაესობას პატივს უნდა სცემდნენ. ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ქუჩებში. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი?!.. ჩვენ გვაქვს არქივი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ გადაღებული, რომელიც ათასობით უკანონო ვიდეო და აუდიო მასალას შეიცავს. ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სრულიად ნორმალური, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ჩვენ ამას პირადი ინტერესის გამო არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, იმისათვის რომ ვასწავლოთ ხალხს კანონის პატივისცემა.
წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარღვევ კანონს, დრო გაივლის და ოთხი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ, როდესაც შესაძლოა ეს მთავრობა აღარ იყოს და ახალმა მთავრობამ აღმოაჩინოს ჩემი დანაშაული. მე მაქვს თქვენთან კითხვა, -უნდა დამკითხონ და დამაპატიმრონ, თუ არა? იმ შემთხვევაში თუ ვიღებდი ქრთამს და ვიყენებდი ვინმეს უძრავ ქონებას, მისი ნებართვის გარეშე და თუ მედება ბრალი ვინმეს მკვლელობაში, უნდა დავისაჯო თუ არა? შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, არ უნდა იყოს იმუნიტეტი, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე და კანონზე ზევით არავინ უნდა იდგეს. სწორედ ასე გვესახება დემოკრატია. არავინ იქნება პრივილეგირებული ამ ქვეყანაში და ესაა სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრის განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.