ახალი M51.3 ბალისტიკური რაკეტის საცდელ გაშვებას დაესწრო
საფრანგეთმა ახალი M51.3 ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. რაკეტა ბირთვული წყალქვეშა ნავიდან, Le Vigilant-დან გაუშვეს. რაკეტის საცდელ გაშვებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაესწრო.
მაკრონი გაშვებას მრავალფუნქციური ფრეგატ Auvergne-ის ბორტიდან აკვირდებოდა. გაშვება 6 ოქტომბერს, საფრანგეთის ბრეტანის სანაპიროსთან, ფინისტერის მახლობლად განხორციელდა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტას ბირთვული ქობინი არ ჰქონია და მისი გამოცდა წყალქვეშა ნავის მიერ M51.3-ის გამოყენების შესაძლებლობის დასადასტურებლად ჩატარდა.
„მე ბირთვული წყალქვეშა სარაკეტო პლატფორმა Le Vigilant-იდან ახალი M51.3 ბალისტიკური რაკეტის პირველი გაშვების მოწმე გავხდი“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ Х -ზე.
მისი თქმით, ასეთი გამოცდილება მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს.
„ვულოცავ ყველას, ვინც ამ გამორჩეულ წარმატებაში მონაწილეობდა: DGA-ს, CEA-ს, Ariane Group-ს, Naval Group-სა და საფრანგეთის საზღვაო ძალებს. თქვენი პროფესიონალიზმი, სიზუსტე და ტექნიკური ოსტატობა საფრანგეთის სიამაყეა“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
M51.3 საფრანგეთის ბირთვული შეკავების ძალების მოდერნიზაციის ნაწილია. რაკეტის საცდელი გაშვება განხორციელდა ოპერაცია SMERTRIOS-ის ფარგლებში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტის ფრენის განმავლობაში მის ტრაექტორიას სპეციალური საშუალებებით აკვირდებოდნენ, ხოლო მისი ჩამოვარდნის ზონა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით იყო.