უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასირებული დარტყმისთვის თავდაცვის ზომებს ამზადებს და დამატებით ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებსაც შეიმუშავებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მთავრობის წარმომადგენლებთან, სამხედროებთან და „საკვანძო სამსახურების“ ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს დაზვერვისგან მივიღეთ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები მასირებული დარტყმისთვის ემზადებიან. ვამზადებთ საპასუხო ზომებს. განვსაზღვრეთ მთელი რიგი ამოცანების შესრულების ვადები, ხოლო პრიორიტეტული ამოცანები უკვე ხორციელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დამატებითი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები შეიმუშავეს რუსეთის მიერ უკრაინის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის საპასუხოდ.