შვედეთი პოლონეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებს. გადაწყვეტილება ნატო-ს ლოგისტიკური კვანძის - პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის დასაცავად მიიღეს. სწორედ ჟეშუვის გავლით უკრაინას სამხედრო შეიარაღება და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
გარდა ამისა, შვედეთი ჟეშუვში ჰალმსტადში დისლოცირებული საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფიდან დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, შვედი სამხედროები პოლონეთში დეკემბრის დასაწყისში ჩავლენ და იმ ამოცანებს შეასრულებენ, რომლებსაც მანამდე ნიდერლანდების სამხედროები ასრულებდნენ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ გზით სტოკჰოლმი უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში შეიტანს წვლილს.
Patriot-ის რამდენი გამშვები დანადგარი გაიგზავნება პოლონეთში, ჯერჯერობით უცნობია.
2025 წელს შვედეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცის პატრულირებაში მონაწილეობის მისაღებად ნატო-ს მისიაში Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა დაიწყო. გასულ კვირას სტოკჰოლმის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთში Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებს გადაიყვანდა ნატო-ს საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობის მისაღებად.