ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯნაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა და ის მიზეზები განმარტა რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
,,დღეს ქვეყანა იმყოფება განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, იმ ეტაპზე როდესაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ხელისუფლებას, მითუმეტეს, ხელისუფლებას, რომელსაც ბუნებრივია ძალიან სერიოზული პრობლემები დახვდა ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შემდეგ, სჭირდება მუდმივი კონტროლი საზოგადოების მხრიდან, სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოება ვერ მოახერხებს კონტროლს ხელისუფლებაზე, თუ ძალაუფლება მონოპოლიზებული იქნება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.