ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული ფინანსური სანქციები საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალებას არ აძლევს, ქვეყანაში განვითარებითი პროექტები ახორციელონ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბანკებმა შეაჩერეს ყველა ტრანზაქცია, რომელიც მიმართული იყო ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავალუტო ბანკისკენ. შედეგად ორგანიზაციები ვერ ირებენ საჭირო თანხებს და იძულებულები არიან, დახმარება მნიშვნელოვნად შეკვეცონ და უარი თქვან ისეთი პროექტების განხორციელებაზე, როგორებიცაა ჯანსაღი კვების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფხენიანის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა დიალოგისთვის და შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება მოლაპარაკებები მხარეებს შორის.
ადრე ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ საქველმოქმედო ორგანიზაციებს თანხები ჩინეთის ბანკის გავლით ერიცხებოდა, მაგრამ ვაშინგტონის გავლენით, ჩინეთის ბანკმა ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავალუტო ბანკის ანგარიში საერთოდ გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები