ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს ტერორიზმთან ბრძოლის მიზნების გადახედვისკენ მოუწოდებს და ძალის გამოყენების შემცირებაზე საუბრობს. თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი, ასევე, ტერორიზმთან „მუდმივი" ბრძოლის საკითხსაც შეეხო.
„ჩვენ ვერ შევძლებთ ძალის გამოყენებას ყველგან, სადაც რადიკალური იდეოლოგია გამძაფრდება. უნდა შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია ტერორიზმის ფესვებში გასანადგურებლად, სხვა შემთხვევაში უპილოტოებით, სპეციალური დანიშნულების რაზმებითა და შეიარაღებული ძალებით ბრძოლა კრახისთვისაა განწირული", - განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა გამართლებული უწოდა საზღვარგარეთ უპილოტო მფრინავების გამოყენებას და ამასთან, მწუხარება გამოთქვა ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
„უპილოტო მფრინავების გამოყენება კრიტიკის ობიექტი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტების გამო, რაც თავისთავად გასაგებია. სახელისუფლებო ძალებსა და არასამტავრობო ორგანიზაციებს მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა შეხედულება აქვთ და ესეც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში ყველა ომის თანმდევი სამწუხარო ელემენტია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბარაკ ობამას თქმით, ამერიკის კონგრესი უახლოეს მომავალში გადახედავს სტრატეგიას უპილოტო მფრინავების შესახებ და მიიღებს ნორმებს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ყველა სავარაუდო რისკს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ უპილოტო მფრინავების გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდეს 2014 წლის ბოლოსთვის. სწორედ 2014 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების სახედრო კონტინგენტი ავღანეთს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები