საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, პრეზიდენტმა ვეტო "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.
ბარნოვის განმარტებით მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება.
ბარნოვის განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები