ძლიერი მამაკაცების, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების გემოვნება განსხვავებულია. როგორც ირკვევა, სახელმწიფოთა პირველი პირები ცხოვრების თანამგზავრებს ხშირად სულაც არ არჩევენ გარეგნობის მიხედვით. ისტორიამ აჩვენა, რომ პირველი ლედი შეიძლება გახდეს ჟაკლინ კენედის მსგავსი ლამაზმანიც და ნინა ხრუშჩოვასნაირი ჩვეულებრივი ქალიც. ასე რომ, შანსი ყველა კატეგორიის ქალს აქვს.
წარმოგიდგენთ თანამედროვეობის ათ ყველაზე გამორჩეულ პირველ ლედის, რომელთაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ქმრების იმიჯის შექმნაში.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა, ჟურნალ „ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირველ ლედიდ ითვლება. მიშელმა ორჯერ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავისი ქმრის საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებაში. ის არა მხოლოდ ჩაცმის საკუთარი სტილით გამოირჩევა, არამედ, აქტიურად არის ჩართული აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეკლამას უკეთებს ჯანმრთელ კვებას და მისდევს სპორტს. მიშელ ობამას საკუთარი ბოსტანიც აქვს გაშენებული თეთრი სახლის ეზოში და მას თავად უვლის.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მეუღლის, ვალერი ტრიერვეილერისთვის ადვილი არ იყო ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლის, კარლა ბრუნის ნიშის დაკავება. ვალერის კარლას მსგავსი პოპულარობის ამბიცია არ აქვს, თუმცა მას სხვა ძლიერი მხარეები გააჩნია. ის წარმატებული ჟურნალისტი და სამი შვილის დედაა. ექსპერტების აზრით, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ქმრის ხელისუფლებაში მოსვლაში დიდი როლი ითამაშა. ვალერი თავად ხელმძღვანელობდა ქმრის საარჩევნო კამანიას და საკმაოდ წარმატებულადაც.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა მომავალ პრეზიდენტს ჯერ კიდევ მაშინ გაჰყვა ცოლად, როცა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. მეჰრიბანმა მეუღლის წარმატებულ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამჟამად ის სამი შვილის დედა და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეა. მეჰრიბანი ჰეიდარ ალიევის ფონდსაც ხელმძღვანელობს.
ყატარის ლიდერს, შეიხ ჰამად ბენ კალიფ-ალ-ტენის სამი ცოლი ჰყავს, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი ჩანს საზოგადოებაში, რომელიც ქმარს მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრებზე თან დაჰყვება. ლამაზმან მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედს საკუთარი მეუღლე სახელმწიფოს განძად თვლის. მიუხედავად დახურული კაბებისა და ეროვნული თავსაბურავებისა, შეიხის მეუღლე მაინც ახერხებს საკუთარი სტილის ელეგენტურად წარმოჩენას.
დიდი ბრიტანეთის პირველი ლედი სამანტა კემერონი ცხოვრების მოკრძალებული წესით გამოირჩევა. ის ხშირად მეტროთიც გადაადგილდება ან სამსახურში ველოსიპედით მიდის. სამანტა არა მხოლოდ პირველი ლედი, არამედ წარმატებული ბიზნესვუმენიცაა, თუმცა საკმაოდ უბრალოდ იმოსება. მაგალითად, ერთხელ ის საზოგადოებაში „ზარას" იაფფასიანი ფეხსაცმელებით გამოჩნდა. უბრალო ბრიტანელებს პირველი ლედის ასეთი ცხოვრების სტილი ძალიან ხიბლავთ.
სირიის პრეზიდენტის მეუღლე, ასმა ასადი აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასმას წინაპრები სირიელები ჰყავდა, თუმცა ის მთლიანად ევროპელი ქალია. დაიბადა და გაზარდა ლონდონში, სადაც განათლება მიიღო. მუშაობდა აშშ-ის მსხვილ ფინანსურ კომპანიაში, შემდეგ სირიაში გაემგზავრა და ბაშარ ასადს გაჰყვა ცოლად. სამი შვილის დედა პირველი ლედი სირიაში „ლიბერალურ სახედ" ითვლება - არასდროს ატარებს არაბულ სამოსს, აქტიურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში და მხარს უჭერს მეუღლეს.
ჩინეთის პირველი ლედი, სი ცზინპინის მეუღლე პენ ლიუანი არაორდინალური სახეა. ის პირველია ჩინეთის პრეზიდენტების მეუღლეებს შორის, რომელიც საჯაროდ გამოჩნდა. ამასთან, პირველი ლედი ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს ქვეყნის მეთაურის მეუღლეობას და შოუ-ბიზნესში მოღვაწეობას. ამით ის კარლა ბრუნის ჰგავს. პენ ლიუანი ჩინეთში პოპულარული მომღერალია, ხოლო მისი ჩაცმის სტილი ბევრი ჩინელი ქალისათვის მისაბაძია.
ესტონეთის პირველი ლედი ეველინ ივლესი თავის მომავალ მეუღლეს მაშინ შეხვდა, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. თავდაპირველად, წყვილი ურთიერთობას მალავდა, თუმცა, მედიაში მალე მათი რომანის შესახებ ინფორმაციები გამოჩნდა. ეველინს „მინისტრის საყვარლის" იარლიყი მაშინ მიაკერეს, როცა ის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, როს შემდეგაც ტომას ილვესმა თავისი თანაშემწე ცოლად შეირთო, თუმცა პრესა მაინც ვერ დაშოშმინდა. ეველინს ხშირად მისი ზედმეტი წონის და ჩაცმაში უგემოვნობის გამო აკრიტიკებდნენ. ამის შემდეგ პირველმა ლედიმ საკუთარი იმიჯის გამოსწორება გადაწყვიტა და მიზანს მიაღწია: მან მნიშვნელოვნად მოიკლო წონაში და ჩაცმის მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდა. თუმცა, პირველი ლედი საზოგადოების წინაშე აქტიურად არც ახლა ჩნდება, მას დიასახლისის როლი გაცილებით ხიბლავს.
საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი სტრასბურგში გაიცნო. მალე ისინი დაქორწინდნენ და სანდრა ევროპიდან თბილისში გადმოსახლდა პირველი ლედი რამდენიმე უცხო ენაზე საუბრობს, უკრავს ფორტეპიანოზე და ფლეიტაზე, ერკვევა სამართლებრივ საკითხებსა და მედიცინაში.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სენზო აბეს ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე დახურულია მსოფლიოში. პრემიერის პირადი ცხოვრება არასდროს ხდება ფართო განხილვის საგანი, თუმცა აკიე აბემ, პრემიერის მეუღლემ სცადა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ იაპონელებსაც ჰყავთ პირველი ლედი. მან რამდენჯერმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სურს გაარღვიოს იაპონელების კონსერვატიული ცხოვრების წესი და ქალებსაც მიეცეთ შესაბამისი უფლებები. ცნობილია, რომ იაპონიის პირველი ლედი რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოში. ის შესანიშნავად ცეკვავს ფლამენკოს, რაც მეტად ეგზოტიკურია იაპონელი ქალისათვის.