აშშ-სა და უკრაინის აღდგენის ერთობლივმა საინვესტიციო ფონდმა კრიტიკულად ოშვიათი მინერალების სფეროში პირველი გარიგება გააფორმა და კიდევ ოთხი პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონორ კოლმენმა განუცხადა.
მისი თქმით, ფონდის პროექტების საერთო პორტფელის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
„უკრაინელი ხალხისთვის ახლა ინვესტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კოლმენმა.
პირველი გარიგება დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს „ერთობლივ საინვესტიციო პლატფორმაში“, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენისა და ATB-ის ქსელის თანამფლობელის, გენადი ბუტკევიჩის კომპანია BGV Group-თან შეიქმნა.
კოლმენის განცხადებით, პლატფორმა თავდაპირველად უკრაინის მასშტაბით ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ სამთო-მომპოვებელ პროექტებზე იქნება ორიენტირებული. მათ შორისაა იშვიათმიწა ელემენტების, ურანის, ბერილიუმისა და ცირკონიუმის საბადოები.
„ყველა მათგანი შეტანილია აშშ-ის კრიტიკულად იშვიათი სასარგებლო წიაღისეულის სიაში, ამიტომ ეს ძალიან კარგად შეესაბამება იმ პრიორიტეტებს, რომელთა განხორციელებასაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს“, - განაცხადა კოლმენმა.
ფონდის მიერ დამტკიცებული კიდევ ორი ახალი პროექტი ზამთრის მოახლოების წინ უკრაინის ელექტროენერგიისა და თბომომარაგების ქსელების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კოლმენის თქმით, ერთ-ერთი პროექტი ენერგეტიკული კომპანია „დტეკისთვის“ თითქმის 100 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს დაემატება. აღნიშნული თანხა ახალი აკუმულატორული სისტემის შექმნას მოხმარდება, რომელსაც დაახლოებით 600 ათასი შინამეურნეობის ორი საათის განმავლობაში სარეზერვო ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეეძლება.
ახალი შეთანხმება კომპანიას კაპიტალზე წვდომას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, თუ რუსული იერიშების შედეგად მისი აღჭურვილობა დაზიანდება.
გარდა ამისა, აშშ-სა და უკრაინის საინვესტიციო ფონდი წილს შეიძენს კოგენერაციის პლატფორმაში, რომელიც დეცენტრალიზებული ენერგეტიკული ჰაბების ქსელს განავითარებს. პროექტის მიზანია უკრაინელი ოჯახებისთვის საბაზისო ენერგეტიკული სერვისების მიწოდების აღდგენაში დახმარება.
კოლმენის განცხადებით, ამჟამად აშშ-უკრაინის ფონდი დამატებით კაპიტალს ეძებს, რათა საინვესტიციო შესაძლებლობები გააფართოოს.