საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ხელი 2013-2015 წლების უწყებათაშორისო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.
გეგმის მიხედვით, სამი ქვეყნის სამინისტროები ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში გარკვეულ პროექტებს შეიმუშავებენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით 5 000-ზე მეტი განცხადებაა შესული და დაახლოებით, 900-მდე საქმე განიხილება იმათი, ვისაც დაბრუნების სურვილი რეალურად აქვთ.
მისი თქმით, კანონმდებლობაში გასატარებელ ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს.
"მე ვფიქრობ, რადგან ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს ბოლოს და ბოლოს დაადგეს საშველი, ეს ცვლილებები მალე განხორციელდება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, მესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობენ.
მისი თქმით, მესხები საქართველოს მოქალაქეები არიან, უბრალოდ ისინი სპეციალისტური რეჟიმის გამო ქვეყნიდან გააძევეს.
"ეს მათი მიწებია. თურქეთს სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იშხანი, ოშკი, ასევე მეჩეთები ისტორიული მემკვიდრეობაა. 100 000-მდე მუსლიმი ცხოვრობს აჭარაში. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სურვილია ჰქონდეთ მეჩეთი", - განაცხადა დავითოღლუმ.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით, პირადი ვალდებულება აიღო.
"თუ ქრისტიანს სჭირდება ეკლესია, ქართველ მუსლიმან მოქალაქეებსაც სჭირდება მეჩეთი, რაც უცხო საკითხი არ არის. თურქეთში ეკლესიების აღდგენა ჩვენი ვალდებულებაა", - აღნიშნა მან და საქართველოში მეჩეთის აშენების იმედი გამოთქვა.