80 კაპიკი და კიდო მანეთი... ტიტუ რა ბევრია! გახსოვთ ეს ფრაზა "იმერული ესკიზებინდან"? მართლაც ბევრია - 1 მანეთი ოთხმოც კაპიკთან შედარებით და ახლა 40-ჯერ მეტი რომ ყოფილიყო წარმოგიდგენიათ რამოდენა "ტიტუუუუუუუუუუ..."
ხუმრობა ხუმრობად და რეალურად კი საქართველოს ეკონომიკას არნახული წინსვლა ელოდება და ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყება. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება 100 დღეზე მეტია ინვესტორებს ეძებს მისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის და ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებში თანხების დასაბანდებლად, პრემიერი კონკრეტულს ვერაფერს ამბობს ვერც თანხის მოცულობაზე და ვერც ვადებზე.
მისი არგუმენტი მართლაც დამაჯერებელია - მსხვილ ინვესტიციებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღება. თუმცა ცხადია, რომ პრემიერი რაღაცას გვიმალავს და ბოლომდე არ გვეუბნება. თუმცა ამ მიმართულებითაც "იქმნა ნათელი" - აჭარა მსოფლიოს ოაზისად უნდა იქცეს.
ამას გვიმალავდით? იკითხავს ქართველი ობივატელი და თავად აჭარის მოსახლეობაც. არადა არავინ არ მალავს.
„ინვესტიციები აჭარაში მოსალოდნელზე გაცილებით მეტი იქნება, ამის თქმის საშუალებას ინვესტორების მხრიდან რეგიონისადმი ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესი გვაძლევს" - საჯაროდ განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრმა. საშური საქმეა ნამდვილად და ხალხურად რომ ვთქვათ "ამას რა ჯობია შე კაცო". მაგრამ ახლა ნამდვილად არ გადაგიქანდეთ გული სიხარულისგან და მე არაფერი დამაბრალოთ. ასჯერ დავაზუსტეთ ეს ციფრი და როგორც აჭარის ფინანსთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, ის აბსოლუტურ სიმართლეს შეესაბამება. მოკლედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, ინვესტიციის სახით რეგიონში, მიაქციეთ ყურადღება. მხოლოდ აჭარის რეგიონში - 40 მილიარდ დოლარამდე შევა.
ნამეტანი, ან როგორც იტყვიან "ნამეტნავად" ბევრი მოგვეჩვენა ეს 40 მილიარდი და გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირება ვცადეთ. ის მივლინებაში აღმოჩნდა, მის ტელეფონზე კი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვიპასუხა.
-"რა ვადაში იგეგმება ამ 40 მილიარდი ინვესტიციის მიღება?"
-"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან და კონკრეტული თარიღების დასახელებისგან თავს შევიკავებ".
_"მაგრამ რაღაც გონივრული ვადა ხომ არსებობებს. და მართლა 40 მილიარდზეა საუბარი?"
-"დიახ ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ. 40 მილიარდამდე".
- "39 მილიარდი იყოს, არაა ცუდი"
-"ნამდვილად"
-"შემიძლია დაზუსტება თქვენზე დაყრდნობით დავწერო? ანუ რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან დავაზუსტე?"
_"კი, ნამდვილად შეგიძლიათ. სხვა რამეზე უბრალოდ პასუხს ვერ გაგცემთ, მინისტრი მივლინებაშია და მასთან შეუთანხმებლად ვერ გიპასუხებთ"
-"მადლობა და წარმატებებს გისურვებთ 40 მილიარდის შოვნაში".
ახლა კი ამ 40 მილიარდს დავუბრუნდეთ. მართალია ასე გაყოფა არ იქნება სწორი, მაგრამ გამოდის, რომ მხოლოდ აჭარაში საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე (დავუშვათ რომ 4 მილიონი ვართ) 10 ათასი დოლარი ინვესტიციაა მოსალოდნელი. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თვით ოპეკის წევრი ქვეყნებისთვისაც კი.
"ამხელა ინვესტიციის ბაზარი ამ ეტაპზე აქ არ არსებობს. ანუ აქ 40 მლრდ დოლარის დაბანდება აბსოლუტურად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ალბათ ეს თანხები მთელს საქართველოზე გადანაწილდება", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი პაატა აროშიძე.
თუმცა ესეც საეჭვო მომენტია. 2004-2012 წლებში საქართველოში განხორციელებულია 8,3 მილიარდის ინვესტიცია.
გასულ წელს აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების სტატისტიკა ამ ეტაპზე სრულად არ მოიპოვება, მაგრამ 2012 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 14 %-ით იყო გაზრდილი და 63,8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ნაციონალური მთავრობის პროგნოზით კი 2012 წლის აჭარის საინვესტიციო მაჩვენებელი 169 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.
შევეცდები არ გადავღალო მკითხველი წინა წლების სტატისტიკის მოხმობით და მხოლოდ ერთ ციფრს მოვიყვან. 2004 წლის 6 მაისის - "აჭარის რევოლუციის" შემდეგ რეგიონში ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის ივლისამდე 1 მილიარდ 119 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2012 წელის საპროგნოზო მაჩვენებლის ჩათვლით ეს ციფრი მაქსიმუმ 1 მილიარდ 225 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.
ამ ვითარებაში რამდენად დასაჯერებელია, რომ უახლოს პერიოდში, თუნდაც 2 და გნებავთ 4 წელიწადში აჭარაში 40 მილიარდამდე ინვესტიცია ჩაიდება? ისიც ხომ ცხადია, რომ არც ერთი ბიზნესმენი 4 წლის შემდეგ განსახორციელებელ ინვესტიციებზე ახლა არ დაიწყებს ხელშეკრულებების გაფორმებას. შესაბამისად საუბარია უახლოეს 2-3 წელიწადზე. დაუშვათ, რომ კაცნი ვართ, მინისტრს რაღაც შეეშალა და საუბარია 4 მილიარდამდე ინვესტიციაზე. მაგრამ ესეც ხომ საკმაოდ დიდი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო რეგიონში ამის ნახევარი ინვესტიციის მოზიდვა.
პაატა აროშიძე აზუსტებს, რომ 40 მილიარდი შესაძლოა 10-15 წლიან პერიოდს მოიცავდეს.
"ეს მოხდება არა 2-3 ან 4 წლის განმავლობაში არამედ, ეს არის დაახლოებით 10 წლიანი, 15 წლიანი პერსპექტივა ანუ უფრო მეტიც. ახლა ჩვენ რომ ვივარაუდოთ რომ 2013 წელს ან 2014 წელს აჭარაში ვინმე 40 მილიარდს, ან 20 მილიარდს ან თუნდაც 10 მილიარდს ჩადებს ეს ჯერჯერობით ასე ვერ მოხდება", - აცხადებს აროშიძე.
მაგრამ იმ პირობებში როდესაც მსოფლიო ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ზის ეკონომიკური აფეთქების ზღვარზე, პრობლემებია ევროპაში, ამერიკაში, რამდენად არის შესაძლებელი დღეს ამ თემაზე ასე სივრცითი პერსპექტივით საუბარი? თუ ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ვიოცნებოთ?
„აჭარის ტრადიციები, გეოგრაფიული და ლანდშაფტური მახასიათებლები, თავად აჩენენ ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას, თუმცა, მთავარია, კაპიტალდაბანდებებს სწორი მიმართულება მიეცეს. რეგიონში მალე წარმოდგენილი იქნება გაცილებით მეტი დაინტერესებული ქვეყნის ბიზნეს-წრეები, ვიდრე აქამდე იყო, ეს კი საუკეთესო საშუალება იქნება აჭარის მრავალმხრივი განვითარებისთვის" - აცხადებს გიორგი თავართქილაძე.
მაგრამ 40 მილიარდი? "ტიტუ რამდენიაა...".
ყველა სტანდარტის მიხედვით ბევრია ეს 40 მილიარდი და ახლა ვინმემ არ დაიწყოს იმაზე საუბარი, რომ ეს მართლაც 20 წლიანი დაგეგმარებით ითქვა. შესაბამისად გამოდის, რომ აჭარის მოსახლეობამ და არა მხოლოდ აჭარისამ ამ ციფრის მოსმენისას ჯერ მაგრად უნდა იოცნებოს და მერე ამ ოცნებას მიწა მიაყაროს. "ქართული ოცნება" ამავე დროს "ქართული ოცნებების სასაფლაოა"? თუ ოცნება უფასოა და ვიოცნებოთ რას დავეძებთ?
ისე თუ ბატონი თავართქილაძე მართლაც მართალია და უახლოეს 2 წელიწადში აჭარაში 40 მილიარდის მოზიდვის პერსპექტივა აქვს, რას უზით ეს კაცი რეგიონში, წამოიყვანონ თბილისში და მჯერა რომ ბატონი ხადური და ბატონი კვირიკაშვილი დიდი სიამოვნებით დაუთმობენ მას პოსტს. ისე ჩვენში დარჩეს და ბატონი კვირიკაშვილი 2012 წელს ქვეყანაში 2 მილიარდამდე ინვესტიციის შემოდინებას ელოდება, საიდანაც პაატა აროშიძე აჭარის რეგინისთვის 500 მილიონამდე ინვესტიციას ვარაუდობს.
2 მილიარდი და კიდო 40 მილიარდი? ტიტუ რამდენიაააააა....