სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს 100 დღის ანგარიში წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. მინისტრის თქმით, ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეიცვალა მიდგომა სოფელთან და სოფლის მოსახლეობასთან მიმართებაში და რეალურად მთავობის განცხადებას შესაბამისი საქმეც ემთხვევა. დავით კირვალიძემ განმარტა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სოფლად მხოვრები მოსახლეობა ფაქტობრივად ბედის ანაბარად იყო მიტოვებული და ძალიან ბევრს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა უხდებოდა.
„ყველა კარგად ხედავთ თუ რა დღეშია სოფელი. ბევრი სოფელი დაცლილია და ბევრი წასულია ლუკმა-პურის საშოვნელად. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად კეთდება ასეთი დიდი ფულადი და ადამიანური რესურსის მობილიზება, რათა ეს ადამიანები დაუბრუნდნენ სოფელს"- განაცხადა დავით კირვალიძემ.
მინისტრის თქმით, 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული პროექტების განხორციელება.
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" - რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს და რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხცადებს, მიწის 80% არ იყო რეგისტრირებული. ამიტომ, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა და მოხდა ადგილებზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება და ინფორმაციის დადარება საჯარო რეესტრთან.
დავით კირვალიძის განმარტებით, მცირემიწიანი ფერმერებისთვის, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. სულ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა 180 მლნ ლარი-ზე მეტი.
უკვე ცნობილია, რომ 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;
0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ნიადაგის ხვნა ხნულის დადისკვა/გაფხვიერება; სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.
ხოლო ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეობარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით,რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები სსაქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;
1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;
უახლოეს პერიოდში ამოქმედდება ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი". როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრდება შეღავათიანი აგროკრედიტის შემუშავება და იქნება 3 სახის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც მარტიდან ამუშავდება.
პროექტის თანახმად, გაიცემა უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის - 5 000 ლარამდე - უზრუნველყოფის გარეშე
შესაბამისად მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.
ასევე დაგეგმილია საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა - 5 000-დან 100 000 ლარამდე - წლიური არაუმეტეს 7-8%-სა
დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდებს იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით, ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7%-8%-მდე.
სასოფლო- სამეურნეო საწარმოების დაფინანსება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი არა უმეტეს 1 000 000 ლარისა - საშუალოდწლიური 3%.
აღნიშნული კრედიტებით, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 60-მდე საწარმო.მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, წელს სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის მარტიდან.