"საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე აფხაზური და ოსური მხარეების ნეგატიური რეაქცია მოულოდნელი არ უნდა იყოს", _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მიწოდების თაობაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გამოხმაურების კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, კონფლიქტების მოგვარება ხანგრძლივი პროცესია და საქართველოს ახალი მთავრობა მზადაა, საკითხებს მოთმინებით მიუდგეს.
"კონფლიქტების მოგვარებაში ასე იოლად არაფერი ხდება. მხოლოდ ერთი მხარის ნებაზე არ არის დამოკიდებული ვითარების გამოსწორება. ამ მიმართულებით შიდაოპოზიციასთან შეთანხმებაც კი საკმარისი არაა, მოწინააღმდეგეს უნდა შეუთანხმდე. ამიტომ დღეს საჭიროა გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება, რომელიც ყოველთვის აკლდა სააკაშვილს, და არ გავღიზიანდეთ იმ სიახლის მიმართ შიშზე, რაც აქვთ ოსებს და აფხაზებს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მინისტრი და აღნიშნავს, რომ იმ პროცესების აღდგენას, რაც სააკაშვილმა 2006 წელს შეაჩერა 2 წელიწადი მაინც სჭირდება, შედეგი კი ალბათ 7-8 წელიწადში დადგება.
"2 წლიწადს მაინც მოითხოვს ის, რომ აღვადგინოთ პროცესები, რაც სააკაშვილმა გააჩერა 2006 წელს და შემდეგ ვისაუბროთ გარკვეულ შედეგებზე, რომელიც ალბათ 7-8 წელიწადში დადგება.
ამ პერიოდების არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ 20 წელი ვართ მოლოდინის რეჟიმში. ბოლო 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ წელს გვპირდებოდა აფხაზეთის დაბრუნებას. ეს იყო უპასუხისმგებლო, ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული პოლიტიკა", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ახალ მთავრობას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა აქვს.
"ამ პოლიტიკაში უნდა ჩავრთოთ აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესები საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში. მათი ეს ქცევა გასაგებია - მათ შეეშინდათ ახალი გამოწვევების, უკეთესი საქართველოსი. მათ ერჩიათ, სააკაშვილი ყოფილიყო, რადგან აგრესიული მხარისთვის უფრო იოლია უარის თქმა, ჩვენთვის მათ უარის თქმა გაუჭირდებათ. დღეს ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა, მოვუსპოთ ოსებს და აფხაზებს არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ.
მათ მოუწევთ პასუხი გასცენ ახალგორის მოსახლეობას იმის გამო, რომ უარს იტყვიან გაზზე და გაზის გარეშე დატოვებენ ახალგორს, რადგან ამ ამდენ ხანს აცხადებდნენ, რომ გაზის მიწიდებაზე ქართული მხარე ამბობდა უარს", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა გაზი საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში მართლაც არ შევიდეს, მაგრამ ეს უკვე საქართველოს მთავრობის ბრალი არ იქნება.
" შესაძლოა, გაზი მართლაც არ შევიდეს ახალგორის რაიონში, მაგრამ ეს არ იქნება საქართველოს მთავრობის ბრალი. ასევე, არ იქნება საქართველოს მთავრობის ბრალი, თუ არ აღდგენა რკინიგზა აფხაზეთში შესაბამისად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი მიხვდება, რომ ამ წლების განმავლობაში მათი ხელისუფლება სააკაშვილს აბრალებდა იმას, რაც თავადაც არ სურდა, გაეკეთებინა. ამგვარად, როგორც აფხაზი, ისე ოსი მოსახლეობისთვის, საქართველო უნდა გახდეს მისაღები, მიმზიდველი, უსაფრთხო და განვითარების გარანტი სახელმწიფო", - განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა.