რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საუბარი ძირითადად უკრაინის კრიზისის თემას შეეხო.
მათივე ცნობით, ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას, რათა შეთანხმებულ იქნას გზა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ;
„რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით გაგრძელდა პროდუქტიული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გააქტიურდა,“ - აღნიშულია განცხადებაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს ყველა დონეზე.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ლავროვისა და რუბიოს საუბარი კვირას შედგა, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის 25 აპრილს გამართული შეხვედრის გაგრძელება.