აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედგაცრუება რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო და აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, სერიოზულად ფიქრობს თუ არა რუსეთის ლიდერი ომის დასრულებაზე.
“ჩემი აზრით, [ზელენსკისთან] შეხვედრა კარგად წარიმართა. ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ, ბევრ რაღაცას გავიგებთ. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ რაკეტები იყო გაშვებული რუსეთის მიერ. ძალიან იმედგამაცრუებელია. ვნახავთ, რა მოხდება.” - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პუტინმა ომის დასრულების მზადყოფნა უნდა აჩვენოს.
„მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და შეთანხმებას მოაწეროს ხელი“, - განაცხადა ტრამპმა.
„მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი და მსურს, რომ მან ხელი მოაწეროს, რათა ეს დასრულდეს და ჩვენ შევძლოთ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - დასძინა მან.
ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან 15-წუთიანი შეხვედრის კომენტირებისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის.
„ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მას სურს, რომ თავისი ქვეყნისთვის რაიმე კარგი გააკეთოს. ის ბევრს მუშაობს. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. მან მითხრა, რომ მეტი იარაღი სჭირდებოდა. მაგრამ ის ამას თავიდანვე ამბობდა. ვნახავთ, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან რუსეთზე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული, რომ ეს ადგილები დაბომბეს მოლაპარაკებების შემდეგ". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.“.
ამასთანავე, ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან მისი ურთიერთობა "ცუდი არასდროს ყოფილა" და დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "რთულ ვითარებაში იმყოფება. ის ბევრად დიდ ძალას ებრძვის, ბევრად დიდს და ეს ძალა დიდად წარმატებული ვერ იყო. [უკრაინელები] უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ეგონათ. მათ [უკრაინელებს] დაეხმარა, როდესაც 350 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი ან ფული მივეცით”.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკი „უფრო დამშვიდდა“ და უფრო მეტად არის დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით.
შეკითხვაზე, არის თუ არა მზად ზელენსკი, უარი თქვას ყირიმზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ზელენსკი მზადაა ყირიმი დათმოს. „მე ასე ვფიქრობ“, - თქვა ტრამპმა.