ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პირველად დაადასტურა, უკრაინასთან ომში ჩრდილოკორეელი სამხედროების მონაწილეობა. მისი თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას შეესაბამება.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ თავისი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის არმიასთან ერთად „გამარჯვებით დაასრულეს“ კურსკის ოლქის რაიონების „გათავისუფლების ოპერაცია რუსეთში უკრაინის ხელისუფლების ავანტიურისტული სამხედრო შეჭრის მოსაგერიებლად“.
ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებმა კურსკის ოლქის რაიონების გათავისუფლებისას გამოიჩინეს „მასობრივი გმირობა და თავგანწირვა“ და „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის ტერიტორიის გათავისუფლებაში".
კიმ ჩენ ინის თქმით, „ყველა, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა, გმირია და სამშობლოს სინდისს წარმოადგენს“, მალე მათ ფხენიანში ძეგლს დაუდგამენ, დაღუპულთა საფლავებს კი „სამშობლოს და ხალხის ყვავილებით შეამკობენ“.
ჩდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვმი იმის შესახებ, თუ რამდენი სამხედრო გაიგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ან რამდენი ჯარისკაცია დაღუპული.
სამხრეთ კორეის თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტის (KIDA) ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობამ მის ეკონომიკას 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.
Reuters-ის მიერ ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრ Open Source Centre-თან თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბოლო 20 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკამ რუსეთს სულ მცირე 4 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, რომელიც აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
მიწოდება ხორციელდება მასიურად და სისტემატურად - საზღვაო და სარკინიგზო გზებით, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის არმიის სამხედრო შესაძლებლობები.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, „ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ომს საკუთარი სამხედრო პოტენციალის გამოსაცდელ პლაცდარმად იყენებს“.