საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულის ადვოკატმა ქეთი მექაურმა განუცხადა, ამის შესახებ მას და გამსახურდიას ოჯახის წევრებს თავად ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ აცნობა.
"ცონტეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ორგანიზმში ინტოქსიკაციის პროცესი დაეწყო. ჩვენ მის საქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოვითხოვთ", - აცხადებს ბექაური.
მისივე განმარტებით, ცოტნე გამსახურდია უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად, პერმანენტულად შიმშილობს.