აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, რომ მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში გერმანიადან დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო გაიყვანოს.
ამის შესახებ The Hill იუწყება.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს პენტაგონს დაავალა, რომ გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო გაიყვანოს, გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცტან მისი საჯარო კონფლიქტის ფონზე “, - წერს გამოცემა.
პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, ეს გადაადგილება ამერიკული სამხედროების რაოდენობას დააბრუნებს დაახლოებით იმ დონეზე, რაც 2022 წლამდე იყო, და შეეხება საბრძოლო ბრიგადის ჯგუფს, ასევე, სავარაუდოდ, სხვა დანაყოფებსაც, რომლებიც უკვე განლაგებულია გერმანიაში.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების ბატალიონსაც, რომლის განთავსებასაც წინა ადმინისტრაცია 2026 წლისთვის გეგმავდა.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა გერმანიით და სხვა მოკავშირეებით ნატო-ში, განსაკუთრებით იმით, რომ ისინი, მათი აზრით, არასაკმარისად უჭერდნენ მხარს აშშ-ს ირანთან კონფლიქტის დროს.
მანამდე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი „ამცირებს“ აშშ-ს, როდესაც ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს და იწვევს ქაოსს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე.
პენტაგონის მთავარმა სპიკერმა შონ პარნელმა The Hill-თან დაადასტურა ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება და თქვა, რომ აღნიშნული „მიღებულია ევროპის მასშტაბით ძალების განლაგების ყოვლისმომცველი გადახედვის შემდეგ და სამხედრო ოპერაციების საჭიროებებისა და ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით“.
პარნელის თქმით, პენტაგონი ელოდება, რომ ჯარების გაყვანა მომდევნო 6–12 თვეში დასრულდება.
ოთხშაბათს დონალდ ტრამმა განაცხადა, რომ განიხილავს გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებას და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „უახლოეს მოკლე პერიოდში“.
ეს ნაბიჯი ასევე განპირობებულია ბოლო კვირებში ვაშინგტონსა და ბერლინს შორის დაძაბული ურთიერთობებით. ტრამპის თქმით, მერცმა ირანიდან მომდინარე საფრთხე არასწორად შეაფასა.
"ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობს! " - დაწერა რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა.