ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უკვე გაფართოებულ სხდომაზე "მეუფე შიომ შესაძლოა უფრო მეტი მხარდაჭერაც კი მიიღოს".
„არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ [უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს]... არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ უკვე გასაგებია ღვთის ნება როგორია, დღეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.