სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო?
(ჰიბრიდული ომისა და მრავალშრიანი საფრთხეების პირობებში არ შეიძლება სრულფასოვანი ეუს გარეშე)
ინსტიტუციური კრიზისი და „სახელმწიფო კაცების“ დეფიციტი
საქართველოს ხელისუფლებაში თითქმის არ ჩანან სახელმწიფო კაცები — ისეთი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს პარტიულ და პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ.
რიგითი პოლიტიკოსი გადაწყვეტილებებს მომავალი არჩევნებიდან გამომდინარე იღებს, სახელმწიფო კაცი კი — მომავალი თაობებისა და სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესებიდან.
სახელმწიფო კაცს სჭირდება სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს იგი. პარტიულად მოაზროვნეს კი — „მოხერხებული“ ინფორმაცია, რომელიც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.
სწორედ ამიტომ, როდესაც სახელმწიფოებრივი აზროვნება სუსტდება და პარტიული ინტერესები უპირატესობას იძენს, ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი კნინდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა:
- ობიექტურ ანალიზს თავს არიდებენ;
- პროფესიონალებს ლოიალურებით ანაცვლებენ;
- ინსტიტუციური მეხსიერება იშლება — ყოველი ახალი ხელისუფლება წინა სისტემას ანგრევს;
- პრევენციულ ანალიზს „არასასურველ კითხვებს“ უცვლიან.
ამ პირობებში სახელმწიფო განსაკუთრებით დაუცველი ხდება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მასობრივი მანიპულაციის წინააღმდეგ.
სტრუქტურული რღვევა და გაუქმება
მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის უბრალო ბიუროკრატიული დანამატი. იგი სახელმწიფოს ცენტრალური ნერვული სისტემაა — მისი „ტვინი“, რომლის გარეშეც ქვეყანა ინსტინქტებით მოქმედებს, ხოლო ინსტინქტები პოლიტიკაში თითქმის ყოველთვის შეცდომას ნიშნავს.
2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან ერთად წარმოიქმნა ორხელისუფლებიანობის პრობლემა. პარალელურად არსებობდა პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო (კონსტიტუციური სტატუსით) და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
ეს იწვევდა ფუნქციების დუბლირებასა და დაპირისპირებას. საბოლოოდ, 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად პრეზიდენტთან არსებული საბჭო გაუქმდა.
2019 წელს შეიქმნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სახით, რომელიც 2025 წლიდან, ფაქტობრივად, გაუჩინარდა.
დღეს კითხვა მარტივია: აქვს თუ არა საქართველოს რეალური ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სისტემა თუ მხოლოდ მისი იმიტაცია?
პრევენცია — ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი
ეროვნული უშიშროების საბჭოს რეალური დანიშნულებაა მოსალოდნელი საფრთხეების ადრეული გამოვლენა და პროფესიული რეკომენდაციების შემუშავება.
ქვეყანა, რომელიც მხოლოდ რეაგირებს უკვე დაწყებულ პროცესებზე, ყოველთვის დამარცხებულია დროსთან. ეროვნული უშიშროება იწყება არა რეაგირებით, არამედ პროგნოზით. საბჭოს მთავარი ამოცანა — საფრთხის დანახვა მანამ, სანამ ის რეალობად იქცევა.
თუ საბჭო ამას არ აკეთებს, ის არ არსებობს — თუნდაც ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფო, რომელიც რეაგირებს მხოლოდ უკვე მომხდარ მოვლენებზე, გარდაუვლად ჩამორჩება პროცესებს. ეუს-ის არსი სწორედ პრევენციაა — ხანძრის ჩაქრობა კი არა, მისი გაჩენის თავიდან აცილება.
სხვათა შორის, ამ ლოგიკას ემყარებოდა თავის დროზე ჩემს მიერ 1996 წელს დაწყებული სტრატეგიული ანალიზის სისტემა „დიდგორი“ და სისტემა „აისი“. მისი მიზანი იყო ინფორმაციის სრული აკუმულირება და სამომავლო სცენარების გათვლა (სამწუხაროდ, არ დასცალდა ბოლომდე რომ ამოქმედებულიყო).
ინფორმაციის აკუმულირება და „სამი ვარიანტის“ პრინციპი
თანამედროვე უშიშროება მოიცავს სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ, საინფორმაციო და კიბერუშიშროების სფეროებს. საბჭოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცენტრები, რომლებიც ყველა მიმართულებიდან მონაცემებს სინქრონულად აანალიზებენ და ხელისუფლებას სთავაზობენ სამ ალტერნატივას:
- ოპტიმისტურ სცენარს
- პესიმისტურ სცენარს
- რეალისტურ, დაბალანსებულ ვარიანტს
გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ინტუიცია ან ემოცია. ნორმალურ სისტემაში ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი არჩევანი: რა მოხდება, თუ იმოქმედებს; რა მოხდება, თუ არ იმოქმედებს; და რა არის ოპტიმალური ბალანსი.
ინსტიტუციური მეხსიერების განადგურება — ეროვნული დანაშაული
სახელმწიფო არ შენდება ნულიდან. სახელმწიფო გრძელდება.
როდესაც ყოველი ახალი ხელისუფლება წინა სისტემას ანგრევს, ქვეყანა მუდმივად საწყის წერტილში რჩება. ინსტიტუციური მეხსიერების წაშლა ან არაკომპეტენტურობის, ან მიზანმიმართული ზიანის შედეგია. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია — სუსტი სახელმწიფო.
მახსოვს, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ვანო მერაბიშვილი დანიშნეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, მან საბჭოში „ნულიდან დაწყების“ ბრძანება გასცა. ყველაფერი ძველი — დოკუმენტები, ავეჯიც კი — გადააგდეს. გაუშვეს თითქმის ყველა თანამშრომელი. მე აგდებულად მითხრა: „მიშამ თქვა ეგ იყოსო“ – და დამტოვა, იძულებული ვიყავი დავრჩენილიყავი, იმ იმედით, რომ მაინც გადამერჩინა პროგრამები „დიდგორი“ და „აისი“ (მაინც ვერ გადავარჩინე). ახალმა ხელმძღვანელმა შევარდნაძისა და ნუგზარ საჯაიას მიერ აწყობილი საბჭოს მუშაობის ყველა კვალი მოსპო. ამ ამბავმა გამაოგნა. ინსტიტუციური მეხსიერების — თუნდაც უარყოფითის — განზრახ განადგურება არის ეროვნული დანაშაული. ინსტიტუცია კვლავ ნულიდან იწყებს საქმიანობას. შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება და ისიც წინა ნამუშევარს სპობს. შედეგად, ქვეყანა მუდმივად „საწყის წერტილში“ რჩება და არ ვითარდება.
თანამედროვე სტრატეგიული ანალიზი და ხელოვნური ინტელექტი
დღეს უშიშროება ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია. AI უზრუნველყოფს გიგანტური მონაცემების სწრაფ ანალიზს, ფარული კავშირების გამოვლენას და ადამიანური შეცდომის მინიმიზაციას.
მისი დახმარებით შესაძლებელია „ციფრული ტყუპების“ (Digital Twins) შექმნა, რომლებიც გადაწყვეტილებების შედეგებს წინასწარ აჩვენებენ.
ვინც ვერ ამუშავებს მონაცემებს — ვერ ხედავს საფრთხეებს. ვინც ვერ ხედავს საფრთხეებს — ვერ მართავს სახელმწიფოს.
როდის კვდება უშიშროების სისტემა?
ეროვნული უშიშროების საბჭო კარგავს აზრს, როდესაც:
- სიმართლეს „მოხერხებული ინფორმაცია“ ცვლის;
- პროფესიონალებს ერთგულები ანაცვლებენ;
- ანალიზს პროპაგანდა ცვლის.
ამ დროს სახელმწიფო აღარ იცავს თავს — ის იცავს ხელისუფლებას.
„უშიშროება“ და „უსაფრთხოება“ — სიტყვა, რომელმაც შინაარსი შეცვალა
ტერმინების შეცვლა შემთხვევითი არ არის.
„უშიშროება“ (Security) არის სოციალურ-პოლიტიკური აქტივობები, სტრატეგიული დაგეგმვა, მმართველობა...
„უსაფრთხოება“ (Safety) — შემთხვევითი, ტექნიკური ან ბუნებრივი მოვლენების (ხანძარი, ავარია...) დროს საინჟინრო-ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური ზომები გატარება.
როდესაც სახელმწიფო ძირძველ ქართულ აკადემიურ ტერმინ უშიშროებას რუსულიდან 1932 წელს გადმოქართულებული ტექნიკური ტერმინით უსაფრთხოებით ანაცვლებს, ის საკუთარ სტრატეგიულ ხედვას ამცირებს ყოფით დონემდე.
ეს უკვე არა ლინგვისტიკა, არამედ პოლიტიკაა ან არაკომპეტენტურობაა.
დასკვნა
ეროვნული უშიშროების საბჭო არჩევანია ორ მოდელს შორის:
- ან ძლიერი, დამოუკიდებელი, ანალიტიკური ცენტრი, რომელიც პროგნოზირებს და მართავს პროცესებს;
- ან ფორმალური ორგანო, რომელიც უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს ამართლებს.
შუა გზა არ არსებობს.
იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების მთავარი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ეროვნული უშიშროების საბჭო ვერასოდეს იქნება ძლიერი.
იმ ქვეყანაში კი, სადაც მთავარი ღირებულება სახელმწიფოა, ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს სტრატეგიულ იმუნიტეტს, რომელიც იცავს ქვეყნის მომავალს.
სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშანია, რომ ქვეყნის უშიშროების არქიტექტურა არ იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია ზის ხელისუფლებაში.
ჰენრი კუპრაშვილი
სტუ-ის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი, ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი 1996-2004 წწ