ისრაელი ამ დრომდე რჩება ერთადერთ თავისუფალ ქვეყნად ახლო აღმოსავლეთში - ასეთი შეფასება ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Freedom House-მა თავის ყოველწლიურ, ტრადიციულ მოხსენებაში გააკეთა.
ორგანიზაციის შეფასებით, ისრაელის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა, გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომელიც ქვეყანაში გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს ეხება, გაუმართლებელია. ორგანიზაციის მონაცემებით, ისრაელი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ღია პოლიტიკური კონკურენციაა, დაცულია სამოქალაქო თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა, ასევე, მოქალაქეთა საზოგადოებრივი ცხოვრება.
ღაზას სექტორი Freedom House-მა გამოაცხადა სახელმწიფოდ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება ფართოდ და სისტემატურად ილახება. არადემოკრატიულ ქვეყნებად გამოცხადდნენ ისრაელის სხვა მეზობლებიც, მათ შორის, სირია და იორდანია, ნახევრად თავისუფალ ქვეყნებად კი, ეგვიპტე და ლიბანი. რეიტინგის ბოლო ადგილებზე მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და სუდანი.
არათავისუფალ სახელმწიფოებად Freedom House-მა გამოაცხადა შემდეგი ქვეყნებიც: ალჟირი, ბაჰრეინი, ერაყი, ირანი, იემენი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, ქუვეითი, ლიბია, მაროკო და ტუნისი. ორგანიზაციის კრიტიკის არეალში მოხვდა თურქეთიც, სადაც, ექსპერტების აზრით, ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევები, მიუხედვად იმისა, რომ თურქეთის პრემიერი პირიქით, აქეთ აკრიტიკებს ისრაელს პიროვნების თავისუფლების შეზღუდვისთვის. თურქეთი ერთ-ერთი პირველ ადგილზეა იმ სახელმწიფოთა შორის, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია ციხეში.