"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას სთხოვენ. ამისათვის კი მოითხოვენ სასწრაფოდ შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გლეხი ყოველ კილოგრამ ვაშლზე დანამატის სახით 10 თეთრს მიიღებს. ეს მოთხოვნა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა და როგორც აღნიშნა, ეს არის სამცხე ჯავახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობის ულტიმატუმი საქართველოს მთავრობისადმი.
ვეფხვაძის განმარტებით, მისმა პოლიტიკურმა ძალამ ეს ულტიმატუმი მოისმინა აღნიშნული რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვერდისას და ახლა ხელისუფლებას აწვდიან ამ ინფორმაციას.
როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, გასულ კვირას "ქრისტიან- დემოკრატებმა" პირადად მოინახულეს შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა და როგორც აღნიშნავს მოსახლეობის უმძიმეს მდგომარეობას ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობით გამოწვეული ურთულესი სოციალ ეკონომიკური პრობლემებიც ემატება.
ლევან ვეფხვაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა აჭარის რაიონის გამგებლები დააჯილდოვა ციტრუსის მოსავლის წარმატებით დაბინავებისათვის. მისი თქმით ცოტა ხნის წინ იგივე მოხდა კახეთშიც, მაგრამ მათ შორის არ არიან გორის, ქარელის, ახალციხისა და ასპინძის გამგებლები.
"ჩვენ გვაინტერესებს, რატომ აღმოჩნდა ხილის მოსავალი მთავრობის ყურადღების მიღმა და შესაბამისადამ გამგებლებს რატომ არ აქვთ არაფრერი სათქმელი საკუთარი სოფლის მოსახლეობისათვის", - აცხადებს ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ წელს ვაშლი არის უპრეცენდენტოდ იაფი და ათასობით ტონა ვაშლი მოსახლეობას რეალიზაციის გარეშე რჩება.
"ცნობისთვის ერთი კილოგრამი ვაშლის ჩასაბარებელი ფასი 3,5 თეთრიდან 5 თეთრამდე მერყეობს და ეს არის ამ მოსახლეობისათვის კატასტროფა, რადგან მთლიანად ამ მოსავალზე არიან დამოკიდებულები", - აცხადებს ვეფხვაძე და მოითხოვს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდეს ვაშლის მოსავლის სუბსიდირება და გლეხს ყოველ კილოგრამ ვაშლზე დანამატის სხით 10 თეთრი მიეცეს, როგორც ეს აჭარაში ციტრუსის ჩაბარების შემთხვევაში მოხდა.
"მთავრობის წევრებო, ჩვენ გადმოგცემთ გლეხების დანაბარებს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ჩამოიტანენ თბილისში ამ ხილს და პირდაპირ თქვენი კაბინეტების წინ დაყრიან", - აცხადებს ვეფხვაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ თუ მთავრობა გლეხებს არ დაეხმარება "ქრისტიან-დემოკრატები" მათ ვაშლის თბილისამდე ტრანსპორტირებაშიც დაეხმარებიან.