ყველა სოციალურად დაუცველი პირი შესაბამის დახმარებასა და კომპენსაციას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ თადუმაძემ სპეციალური განცხადება სახელმწიფო კანცელარიში გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ყველა სოციალურად დაუცველი პირი მთავრობისგან მიიღებს იმის გარანტიას, რომ ისინი სრულად მიიღებენ იმ დახმარებასა და კომპენსაციას, რაც მათთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული", - განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძე, გიგი უგულავას მთავრობის სხდომაზე არდასწრების ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უგულავას იურიდიული უფლება არ ჰქონდა, მთავრობის სხდომას დასწრებოდა.
"რაც შეეხება მერის ქმედებებს: მთავრობის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ პირთა ნუსხას, რომელთაც უფლება აქვთ, დაესწრონ სხდომას, აღნიშნულ ნუსხაში კი ქალაქის მერი მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო მთავრობის სხდომის მუშაობაში. აქედან გამომდინარე, იყო მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იმართებოდა მთავრობის სხდომა და პირი, რომელთაც ამის უფლება არ აქვს, დარბაზში ვერ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მერმა გადაწყვიტა, იმ მიმოწერის შემდეგ, რომელიც მას საქართველოს მთავრობასთან აქვს, დარჩენილიყო დარბაზში და მოეხდინა არეულობა - რა ფორმითაც მან საკუთარი პოზიციების დაფიქსირება და ძველი ტრადიციების გახსენება მოითხოვა, რომ იგი თურმე 15 წელია ესწრება სხდომებს. ამის შემდეგ მან პრემიერისგან შესაბამისი მითითება მიიღო, რომ ეს ტრადიციები აღარ იქნება. აღარ იქნება უკანონობა და მთავრობა იმუშავებს იმ წესებით, რომელიც კანონით არის დადგენილი" - განაცხადა თადუმაძემ .
მისი ინფორმაციით, მთავრობას არ ჰქონია ოფიციალური ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე დასწრებას გეგმავდა.
"არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იუწყება, რომ მერია აპირებდა სხდომაში მონაწილეობას", - განმარტა თადუმაძემ.
მისი განმარტებით, თუ პრემიერ-მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, აღნიშნული საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე დაიგეგმება, პრემიერ-მინისტრი გიგი უგულავას სხდომაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად მიიწვევს.