უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Starlink-ის სამხედრო ვერსიის, Starshield-ის ტერმინალებზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია. მისი თქმით, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოწყობილობა საათში 130–161 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობისას წყვეტს მუშაობას, რაც უკრაინის სამხედრო ლოჯისტიკასა და დრონების გამოყენებას აფერხებს.
„სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ, რომ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოწყობილობა საათში 130–161 კილომეტრი სიჩქარის დროს მუშაობას წყვეტს. ეს აფერხებს ჩვენს ფრონტისპირა ლოჯისტიკას და ზღუდავს სხვადასხვა ტიპის დრონების, უპირველესად საშუალო სიშორის დამრტყმელი დრონებისა და რეაქტიული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად განკუთვნილი ჩამჭრელი დრონების გამოყენებას,“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ამ საკითხზე ყველა დონეზე ხელახლა უნდა იმსჯელონ.
„სიცოცხლის დასაცავად სიჩქარეს მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ ევჰენი ხმარას, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას და პრეზიდენტის ოფისის გუნდს პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად გადაუდებელი დავალებები მისცა. მიზანია, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო მხარდაჭერა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.
„არსებობს პოლიტიკური შეთანხმებები, რომლებიც სამუშაო დონეზე შესრულებული არ არის. ასევე არის შეფერხებები შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დონეზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ცალკეული სახის მომარაგების მიწოდებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს საღამოს დამატებითი თათბირი გაიმართება, რომელზეც დღის განმავლობაში დაგეგმილი ყველა კონტაქტის შედეგებს შეაჯამებენ. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.