საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა და საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია Place publique-ს კანდიდატმა, რაფაელ გლუქსმანმა, მთავრობა გააკრიტიკა და სახელმწიფოს უმოქმედობის დაძლევისკენ მოუწოდა.
„ამ მთავრობამ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მარცხი განიცადა. თავდაპირველად, მან პოლიტიკურ მოძრაობას პოლიტიკური პასუხი არ გასცა და იმედი ჰქონდა, რომ ვითარება თავისით განიმუხტებოდა,. შემდეგ კი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო“, - განაცხადა გლუქსმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფომ „უმოქმედობის მდგომარეობიდან უნდა გამოაღწიოს“, ხოლო ყველა პოლიტიკურმა ძალამ არსებული ვითარების შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
კომენდანტის საათის შესაძლო შემოღებაზე საუბრისას გლუქსმანმა აღნიშნა, რომ მისაღები იქნება ნებისმიერი ზომა.
„ყველაფერი, რაც სამოქალაქო წესრიგის აღდგენას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია, თუ ეს ზომები შეზღუდულია და კონსტიტუციას შეესაბამება“, – თქვა ევროპარლამენტარმა.
გლუქსმანმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ძალადობაზე მკაცრი რეაგირება და პოლიტიკური გამოსავლის შეთავაზება მართებს. მისი შეფასებით, თუ სახელმწიფო წესრიგის აღდგენას ვერ შეძლებს, შექმნილი ქაოსით ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი ისარგებლებს.