საქართველოში მოძრაობის უსაფრთხოება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. პრობლემის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მძღოლების უმრავლესობა არ ემორჩილება საგზაო წესებს, რაც ხშირ შემთხვევაში ავარიების მიზეზი ხდება. საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯარიმების მოცულობა გაზარდა და თუ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, ამან გარკვეული შედეგები გამოიღო, მხოლოდ ზოგიერთ დარღვევაზე. მაგალითად როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა. თუმცა, ასე ვთქვათ `წვრილმანი დარღვევები~, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მაინც მრავლადაა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ ხშირ შემთხვევაში მძღოლი იძულებული ხდება დაარღვიოს მოძრაობის წესები და ამას არასწორად დაყენებული საგზაო ნიშნები ან სპეციალურად შექმნილი `ხაფანგები~ აიძულებს. აქვე ვიტყვით, რომ საგზაო მოძრაობის წესებს ქალაქებში მერიები ადგენს, ავტობანზე რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი, ხოლო დარღვევებზე ჯარიმებს საპატრულო პოლიცია წერს. ამ სამი უწყების არაკორდინირებული მუშაობა და პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალება მძღოლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. ეს ხშირად ხდება მძღოლების უსამართლოდ დაჯარიმების საფუძველი...
ჩვენი გამოძიების ფარგლებში დავაფიქსირეთ საკმაოდ ბევრი ფაქტი, რომელიც უწყებების არაკოორდინირებულ მუშაობას ადასტურებს.
მოვიყვანოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი:
თბილისსში, მეტრო "ახმეტელის თეატრთან" ცალმხრივი მოძრაობის დამაკავშირებელ გზაზე შეხვევა მხოლოდ სამარშტუტე ტაქსებს შეუძლიათ. აქვეა მათი ბოლო გაჩერება. თუმცა, საგზაო ნიშნები, რომელიც ცალმხრივი მოძრაობის ორივე მიმართულებით მოძრავ მანქანებს მოძრავ მძღოლებს შეხვევას უკრძალავს, ისეთ ადგილასაა დამონტაჟებული, რომ მათ სამარშრუტე ტაქსები ეფარება და თუ მძღოლისთვის უცნობია აკრძალვის შესახებ, ის ავტომატურად ხდება დამრღვევი. ამ ადგილას ყოველთქვის დგანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელიც დამრღვევ მძღოლებს არიან ჩასაფრებულები და მათ არასწორი შეხვევისთვის 50 ლარით აჯარიმებენ. მძღოლების სამართლიან პრეტენზიაზე, რომ საგზაო ნიშანი არ ჩანს, მათი პასუხი მხოლოდ ერთია _ ამ პრეტენზიით მიმართეთ მერიას... მძღოლებმა იციან, რომ მერიისთვის პრეტენზიით მიმართვა შედეგს არ გამოიღებს, ხოლო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ჯარიმის ოდენობაა, ამიტომ ისინი ჯარიმას იხდიან და შემდგომისთვის ითვალისწინებენ, რომ ამ ადგილას პატრულის `ხაფანგია~.
გამოძიების ფარგლებში ჩვენ ამ ფორმით დაჯარიმებულ ერთ-ერთ მძღოლს ვთხოვეთ საჩივრით მიემართა ქალაქის მერიისთვის და შეხვევის ამკრძალავი ნიშნის ისე დამონტაჟება მოეთხოვა, რომ ის ყველა მძღოლისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ დაჯარიმებულ მძღოლს არც პასუხი მიუღია და არც პრობლემის მოგვარებაზე უზრუნია ვინმეს.
გადავიდეთ სხვა მაგალითებზე...
უამრავი შემთხვევაა, როცა მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნებს ხეების ფოთლები ან სულაც რაიმე შენობა ეფარება. როგორც წესი, მათ თვალსაჩინოებასაც მერიის სპეციალური სამსახურები უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ესეც დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა.
`შუქნიშანი ხაფანგი~ _ ასე შეიძლება ვუწოდოთ თამარ მეფისა და აღმაშენებლის კვეთაზე მდებარე შუქნიშანს...
გმირთა მოედნიდან ვაგზლისკენ მიმავალი მანქანებისთვის მარცხნივ, ანუ გერმანიის საელჩისკენ შეხვევა აკრძალულია და ამას საგზაო ნიშანიც გვეუბნება. ანალოგიურად გვაჩვენებს გზის ნახაზიც, რომლის მიხედვითაც მოძრაობა მხოლოდ პირდაპირაა დასაშვები. ამ დროს, 15 წამით ინთება მარცხნივ მოხვევის მანიშნებელი შუქნიშანი...
თუ კარგად დააკვირდებით, შუქნიშნიდან დაახლოებით 50 მეტრით დაცილებით გამოკრულია საგზაო ნიშნები, რომელიც გვეუბნება, რომ მარცხენა ზოლი განკუთვნილია ავტობუსებისა და სამარშრუტე ტაქსებისთვის, რომლებსაც მარშრუტით აქვთ უფლება აღმშენებელზე მარცნივ შეუხვიონ, მაგრამ...
თუ მძღოლი მოძრაობს მანქანების ნაკადში, წინ უდგან ავტობუსი, სამარშრუტე ტაქსი ან ნებისმიერი მაღალი გაბარიტის მანქანა, ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაინახავს მარცხნივ შეხვევის ამკრძალავ ნიშანს. ავტომატურად ის დაემორჩილება შუქნიშანს და შეუხვევს მარცხნივ. ეს კი დარღვევად ჩაეთვლება და ჯარიმის გამოწერის საფუძველიც გახდება. ეს ერთი მაგალითია, თუმცა ასეთი `ხაფანგი შუქნიშნები~ საქართველოს ქალაქებში ძალიან ბევრია.
თბილისის მერიამ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ცალკეულ ადგილებში კუნძულების მოწყობას გულისხმობდა. ზოგან ამან მოძრაობა მართლაც დაარეგულირა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამატებითი პრობლემები შექმნა. მაგალითისთვის ავიღოთ თბილისში, ყაზბეგისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთა. პრობლემას სწორედ არასწორად გაკეთებული კუნძულები ქმნიან. ვაკის მხრიდან მეტრო `დელისის~ მიმართულებით მოძრავ მანქანებს სამი ზოლიდან ორ ზოლში უწევთ შევვლა, რაც თავისთავად დარღვევებისა და ავარიის საფრთხის წინაპირობაა. ამ დროს, დელისიდან ვაკისკენ მიმავალი მანქანები სამი ზოლიდან ისევ სამ ზოლში შედიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქავთარაძის ქუჩის მხრიდან ვაკისკენ მიმავალი მანქანების ორი ზოლი უერთდება.
აქ ის შეცდომაა დაშვებული, რომ თამარაშვილის მხარეს ბენზინგასამართ სადგურამდე გაგრძელებული კუნძული ცალ მხარეს უნდა ყოფილიყო გადაწეული. ანუ, ვაკიდან დელისისკენ მოძრავი მანქანების ნაკადი ორი ზოლიდან ორ ზოლში გადავიდოდნენ და შუქნიშნის გადაკვეთის შემდეგ მათი `დაწურვა~ არ მოხდებოდა. სამაგიეროდ, `დელისიდან~ ვაკისკენ მიმავალი მანქანების ნაკადი სამი ზოლიდან ოთხ ზოლში გადავიდოდნენ და ეს ლოგიკურიც იქნებოდა, რადგან მათ ქავთარაძის ქუჩიდან ვაკისკენ მიმავალი მანქანების ორი ზოლიც შეუერთდებოდა და ეს მანქანები ერთმანეთს პრობლემებს არ შეუქმნიდნენ.
ასეთივე პრობლემა იქმნება `ლაგუნა ვერესთან~, სადაც მოძრაობის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორი ხიდი აშენდა და შუქნიშანი მოიხსნა, მაგრამ აქაც დაგეგმარების დროს დაშვებულია სერიოზული შეცდომა. კერძოდ _ გმირთა მოედნიდან და კოსტავას გამზირიდან ხუთ ზოლში მოძრავ ავტომანქანებს, რომლებიც მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობენ უხდებათ ორ ზოლში გადალაგება. ეს რა თქმა უნდა ქმნის სერიოზულ საცობებს და ამან მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით დიდი პრობლემა შექმნა, ვიდრე ეს ხიდების აშენებამდე იყო. პრობლემა გამოიწვია თავის დროზე არასწორმა დაპროექტებამ, ვინაიდან ახლა მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით არსებული ორზოლიანი გზის გაფართოება, იქ არსებული შენობებისა და ბენზინგასამართი სადგურების არსებობის გამო, შეუძლებელია.
ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, შალვა ობგაიძე მიიჩნევს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით საჭიროა უფრო მეტი კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქის მერიას შორის. `ხშირ შემთხვევაში მოძრაობის წესები იცვლება გაუაზრებლად და არ ხდება მისი დატესტვა. ეს რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაგალითად, როცა აკეთებდნენ ე.წ. კუნძულებს, ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ დაედგათ დროებითი ბაკები და შეემომებინათ, რამდენად განტვირთავდა მოძრაობას კონკრეტული პროექტი. მერიამ პირდაპირ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ააშენა კუნძულები, რის შმდეგაც გამოჩნდა, რომ გარკვეულ ადგილებში ამის გაკეთება საერთოდ შეცდომა იყო, ზოგან საჭიროა კორექტირება, ხოლო რიგ შემთხვევებში გაამართლა. აშენებული კუნძულების დემონტაჟი დამატებით ხარჯებთან და სამუშაოსთანაა დაკავშირებული, რასაც მერია ვეღარ აკეთებს და პრობლემატური ადგილები ისევ პრობლემატურად რჩება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგზაო ნიშნები ხშირ შემთხვევაში არ ჩანს და მძღოლმა არც კი იცის, რომ მოძრაობის წესს არღვევს. ეს კი ხდება მისი დაჯარიმების საფუძველი. უნდა არსებობდეს მეტი კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა, მერიებს და საგზაო დეპარტამენტს შორის. და რაც მთავარია, როცა ხდება ცვლილება, მოხდეს მისი დატესტვა და მხოლოდ ეფექტის დადგენის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები~.
დიმიტრი ტიკარაძე
ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია დანიური საგამოძიებო ორგანიზაცია SCOOP -ის მხარდაჭერით