მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს, - ამის შესახებ "ტვ პირველს" ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ახლობელმა, ლიკა ნაღებაშვილმა განუცხადა.
"ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმეს გრიფი [რულიად საიდუმლო გრიფი] ადევს. ერთადერთი ვიცით, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ყველამ...14 წლიდან ვიცნობ გიორგის და ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული. ვის დასჭირდა, მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს... ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოღონდ და ეს როგორ იქნება, ვერ გეტყვით, სამწუხაროდ."- განმარტა ნაღებაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს უძილაურის დაკავებას "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და სუს-ის ექს ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ახლობლობას, დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს:
"მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვოთონ ქართულ ოცნებაში, იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც დაიყო ეს ოცნება მარტივ მამრავლებად, გიორგიც, რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც, სხვათაშორის, ჩვენი თაობა გამოვძვერით ძლივს, ბრძოლით"- თქვა ნაღებაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.