კოალიცია „ქართული ოცნება" ლაგოდეხში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. კოალიციის წარმომადგენლის გაგა ღამბაშიძის განცხადებით, ლაგოდეხში არჩევნები ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდი სერიოზული დარღვევებით წარიმართა. გთავაზობთ საოლქო - საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივარს.
„არჩევნების წინა პერიოდი მიდიოდა ზეწოლებისა და მუქარების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პოლიციის თვალთვალისა და ჩვენი აქტივისტების დაჭერების ფონზე.
ამასთანა, თვით საარჩევნო უბნებზე, არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით. კერძოდ, 2012 წლის 23 სექტემბერს მოგმართეთ განცხადებით, სადაც დავაფიქსირეთ, რომ მდგომარეობა საარჩევნო უბნებზე იყო კატასტროფული, რაც შეუძლებელს ხდიდა არჩევნების სრულყოფილად და სამართლიანად ჩატარების საშუალებას.
ჩვენს მიერ მითითებულ იქნა, რომ N7, 9, 10, 12, 13, 31, 16, 15, 18, 21, 26, 32, საარჩევნო უბნებზე არსებობდა უკონტროლო კარებები, საიდანაც ადგილი ექნებოდა, არჩევნების დღეს შემთხვევითი ხალხის მოხვედრას. აგრეთვე, მიგითითებდით, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია, რაც შეუძლებელს გახდიდა მეორე კარზე დაკვირვებას იმ კარზე, საიდანაც კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში შეიძლებოდა შემოსულიყო შემთხვევითი ხალხი. აღნიშნულზე არა თუ არ მოახდინეთ რეაგირება, პირიქით, სხვა საარჩევნო უბნებზეც მიუთითეთ, რომ გაეხსნათ მეორე კარი თუ ასეთი არსებობდა.
N10, N12, N13, N18, N20, N21, N26, N32 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრისათვის გამოყოფილი ფართი არ იყო ერთიანი სივრცე, რაც შეუძლებელს ხდიდა კენჭისყრის პროცესზე უხარვეზო დაკვირვების საშუალებას.
N32, N9 საარჩევნო უბანზე არჩევნები ტარდებოდა ორ ოთახში.
N22 საარჩევნო უბანზე კენჭისყრისათვის გამოყოფილი ფართის სიმცირე შეუძლებელს ხდიდა თვით კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების განთავსებას.
ზემოთაღნიშნულ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, საოლქო კომისიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
ამასთან, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის 11-ე ნაწილის უხეში დარღვევით, დაზუსტებული სიების ბოლო ვერსია საარჩევნო უბნებზე გამოიკრა არჩევნების წინა დღის, 30 სექტემბრის, საღამოს საათებში და საარჩევნო სიებიდან ამოღებულ იქნენ ზუსტად ის ამომრჩევლები, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ. ეს გაირკვა მხოლოდ არჩევნების დღეს, რადგან წინა დღეს ამის გადამოწმების საშუალება არ გვქონდა.
კენჭისყრის წინა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების, პოლიციის თანამშრომლებისა და სოფლის რწმუნებულების მიერ, შემოვლილი იყო მოსახლეობა და მათზე განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება: დაემუქრნენ დახმარებების მოხსნით, დაჭერებით, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორებით, კერძოდ, ასეთს ჰქონდა ადგილი N8 საარჩევნო უბანში. სოფელ ცოდნისკარში ბაჩუკი ლომიძის (ნაც. მოძრაობის კოორდინატორი); გია მოსეშვილის (ლაგოდეხის საკრებულოს წევრი); ბადურ კოპალიანი (თემის რწმუნებული) და მერაბ კაპანაძის (N8 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე) მიერ.
არჩევნების დღეს, ჩვენი წარმომადგენელი N24 საარჩევნო უბანზე სლავა მეტრეველი და ჩვენი კოორდინატორი ოთარ ლობჟანიძე დააკავეს სოფელ კავშირში. მათზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და გადაყვანილ იქნენ პოლიციის შენობაში, რაზეც საოლქო კომისიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
კენჭისყრის დღეს, N18, 19, 20, 21, 22, 35 საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს კომისიის თავმჯდომარეები არ აძლევდნენ უფლებას დაკვირვებოდნენ ამომრჩეველთა რეგისტრაციას. კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კომისიის წევრები პირდაპირ საარჩევნო უბანზე ეწეოდნენ აგიტაციას. ამომრჩევლები შეჰყავდათ კაბინაში და პირდაპირ მიუთითებდნენ შემოეხაზათ ნომერი 5. ადგილი ჰქონდა ჩვენს წარმომადგენლებზე და დამკვირვებლებზე ზეწოლას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ყველა ამ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სოფლის რწმუნებული ჯემალ ნიაზოვი, მას შიდა პერიმეტრზე ჰყავდა განლაგებული ე.წ. „კორდინატორები", რომლებიც ახდენდნენ პირდაპირ ზეწოლას ამომრჩევლებზე, რომ მათ შემოეხაზათ N5.
N22 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, კომისიის თავმჯდომარე ითავსებდა მდივნის ფუნქციასაც (რაც მის ახსნა-განმარტებით ფიქსირდება).
N5, N13 და სხვა საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ თემის რწმუნებულები, რომლებიც ახდენდნენ ამომრჩევლებზე ზეწოლას;
N35 უბანზე არ იყო გამოკრული სადემონსტრაციო ოქმი. ამავე უბანზე, კენჭისყრის წინა დღეს, კომისიის წევრებს დ. ფოფხაძესა და ვ. ბიწაძეს დახვდა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე სოფლის რწმუნებული, რომელიც დირექტივებს აძლევდა თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს თუ როგორ უნდა ემოქმედათ არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, ხოლო როცა ამაზე შეეწინაღმდეგნენ, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას.
ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრის N15 ლაგოდეხის ოლქის კენჭისყრის შედეგები".
ლაგოდეხის საოლქო - საარჩევნო კომისია საჩივარს დღეს 17:00 საათზე განიხილავს.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის საოლქო - საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლაგოდეხში პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა 23 512-მა ამომრჩეველმა, მაჟორიტარულ არჩევნებში კი 23 910-მა ამომრჩეველმა მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გია გოზალიშვილი 57,8%-ით ლიდერობს (13 330 ხმა), „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ კი ხმების 36,8% (8492 ხმა) მიიღო. პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას" 57,1% (12 988 ხმა) აქვს, „ქართულ ოცნებას" 39, 67% ( 9 019 ხმა).