ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბოლოს კილიან მბაპეს ეცვა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. კვარა გახდა პირველი ქართველი, რომელიც პსჟ-ში ითამაშებს, ლიგა 1-ში კი, უკვე სამი წარმომადგენელი გვყავს - ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) და ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი). საქართველო 50-ე ქვეყანაა, რომლის წარმომადგენელი პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს.
ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.