„ქართული ოცნების„ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ზედაეწერის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად გააცნო. განსაკუთრებული ყურაღება კი ზუგდიდის ეკონომიკაში ასი მილიონის ჩადებაზე გაამხვილა.
ირაკლი ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდში გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. "ალასანიები ვცხოვრობთ ზუგდიდში. მე სააკაშვილთან არანაერი ნათესაური კავშირი არ მაქვს და მისგან განსხვავებით ჩემი სანათესაო აქ ზუგდიდში ცხოვრობს სადაც ჩემი სახლ-კარია, სადაც სააკაშვილის მმართველობის დროს გაიზარდა უმუშევრობა და უამრავი ზუგდიდელი უსამართლოდ დაისაჯა. ამას ჩვენ 1 ოქტომბერს დავამთავრებთ. სააკაშვილს მინდა ვუთხრა - ზუგდიდი და არა ლაზიკა, იყო და იქნება სამეგრელოს გვირგვინი. პრეზიდენტი სამგრელოზე კლიპებს კი არ უნდა იღებდეს, არამედ ამ კუთხეზე რეალურად უნდა ზრუნავდეს და მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები თავად გასცემენ პასუხს სააკაშვილის ამ ლაყბობას 1 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სოფელ ზედაეწერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.