ცაგერის მუნიციპალიტეტში ცხეთის წმ. გიორგის ეკლესიის საძირკვლის, მზიდი კედლებისა და გუმბათის კონსტრუქციული გამაგრება დასრულდა.
რესტავრატორებმა კირხსნარით შეავსეს კედლებიდან დაძრული ქვის წყობა და გამოცვალეს გადახურვა. ამ დროსთვის მიმდინარეობს წყლის სარინელის მოწყობა.
სოფელ ცხეთის წმ. გიორგის ქვით ნაგები ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ცაგერის რაიონში მთის ფერდობზე მდებარეობს. მისი გეგმა მოგრძო სწორკუთხედშია ჩაწერილი. რვაწახნაგა გუმბათი ბემის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. შესასვლელი ორია დასავლეთითა და სამხრეთით, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან ნახევარწრიული მოხაზულობის. ეკლესიის ყოველ მკლავში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში და გუმბათის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. ჯვრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით, მკავებშორისი სივრცეები კი ცალფერდად. ეკლესიის დეკორს დასავლეთით - შესასვლელის საპირე და ტიმპანში გოლგოთის ჯვარი, სარკმლის რელიეფებიანი საპირე, თავზე ჯვრის გამოსახულებით და ფრონტონის კეხში მოქცეული გადმოშვერილი ვერძის თავი შეადგენს, აღმოსავლეთით იგივე გაფორმების სისტემაა, შესასვლელის გამოკლებით. სამხრეთ ფასადის შესასვლელს ჯვრის მოხაზულობა აქვს მიცემული. ტიმპანში სამმაგი ჯვრის რელიეფია. ეკლესია გადახურულია თუნუქის საბურველით.