საქართველოს საგარეო უწყება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილი ქართული სოფლების ნარჩენების განადგურების შესახებ, განცხადებას ავრცელებს
"საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას მიაპყრობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლების (მათ შორის ქურთის, კეხვის, აჩაბეთისა და თამარაშენის) სრული განადგურების შესახებ. ეთნიკური წმენდა უმეტესწილად ქართველებით დასახლებულ ამ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრთის ქვეშ და მათი დახმარებით განახორციელეს; შემდეგ, მათ სოფლები გადაწვეს და ნაწილობრივ დაანგრიეს. ეს ფაქტები დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის მიერ 2008 წლის ბოლოს.
გუშინ, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გასცა დარჩენილი შენობებისა და ამ სოფლების სახელების გაქრობის ბრძანება. „ეს ადგილები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებლად, ამიტომ მათი სახელების შენარჩუნება აზრს კარგავს... სახლები ჯერ დანგრეული არა არის, მაგრამ ვაპირებთ იურიდიულად გავაფორმოთ ეს ტერიტორიები, რომ ხვალ, ან ზეგ კითხვები არ დაგვისვან. უნდა გავასუფთაოთ ეს სოფლები. ნანგრევები არც ისე კარგად გამოიყურება, ამ ადგილზე სამრეწველო სიმძლავრეებს განვავითარებთ", - განაცხადა თიბილოვმა.
ეს განცხადება უკანასკნელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ომის მიმდინარეობისას და ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების რიგში, სადაც ისინი ღიად აღიარებენ ეთნიკური წმენდის ამოცანას. 2008 წლის 15 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ოსურმა ფორმირებებმა „ყველაფერი მიწასთან გაასწორეს" ქართულ სოფლებში და რომ ისინი „არ აპირებენ დაუშვან [დევნილი მოსახლეობის] დაბრუნება". 2010 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმმა შეცვალა საკუთრების უფლებები ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონში, რითიც გზა გაუხსნა საცხოვრისის ჩამორთმევას.
საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის, ისევე როგორც მისი შეუქცევადად გადაქცევისათვის გადადგმული ნაბიჯებისთვის, პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი რჩება რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ და მას საოკუპაციო რეჟიმი განაგებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი ოფიციალურ მოსკოვთან კონტაქტებში და უზრუნველყონ გადაწყვეტილების სწრაფი გაუქმება".